სტატია
მოუწესრიგებელი შუქნიშანი რუსთაველისა და კოსტავას ქუჩების კვეთაზე (ფოტო)
ზუგდიდში, რუსთაველისა და კოსტავას ქუჩების კვეთაზე განთავსებული შუქნიშანი, ქვეითთა და სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობას ვერ აწესრიგებს. ამის მიზეზი ის არის, რომ ოთხიდან ორ შუქნიშანზე მწვანე ფერი ქვეითებისა და ავტომობილებისთვის თითქმის ერთდროულად ინთება, რაც ფეხით მოსიარულეებს საფრთხეს ქმნის.

ზუგდიდის მერიაში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ პრობლემის შესახებ იციან, თუმცა ამბობენ, რომ მძღოლებმა საგზაო მოძრაობის წესების შესაბამისად უნდა იმოძრაონ.

„სპეციალისტები მუშაობდნენ ამ საკითხზე, დაიტესტა დროებიც ქვეითებისა და მძღოლებისთვის, თუმცა ამან დამატებითი პრობლემები, საცობები შექმნა. სხვანაირად ვერ მოხერხდება, მძღოლებმა უნდა დაარეგულირონ მოძრაობა“, - გვითხრეს მერიაში.

ექსპერტები მერიის არგუმენტებს არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ შუქნიშნის რეგულირება რამდენიმე გზით შეიძლება. ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი ამბობს, რომ მსგავსი პრობლემა თბილისში რამდენიმე ადგილას იყო, თუმცა ის მოგვარდა და მოძრაობაც მოწესრიგდა. ლალიაშვილმა რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ ამ შემთხვევაში, სასურველია, ხანგრძლივობა გაიზარდოს.

„შუქნიშნის მონაკვეთი არის ძალიან მცირე, მძღოლი აღარ უთმობს ქვეითს, ფეხით მოსიარულეს, როცა გვერდიდან მომავალმა გზა უნდა დაუთმოს. ისე უნდა მოეწყოს, რომ დრო გახანგრძლივდეს, ან ცალ-ცალკე აენთოს მწვანე. მთავარია, რომ ქვევით როცა ენთება, გვერდითა ავტომობილს არ ჰქონდეს შემოსვლის საშუალება. მძღოლებმა უნდა იცოდნენ, რომ უპირატესია ქვეითი, უნდა დაუთმონ ფეხით მოსიარულეებს, რომლებიც რისკის თვალსაზრისით, ამ შემთხვევაში ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის წევრები არიან. რაც შეეხება იმას, რომ საცობები შეიქმნება, მაგალითად გახანგრძლივების შემთხვევაში, აბსურდული არგუმენტია. ამას იმიტომ ამბობენ, რომ, უბრალოდ, არ სურთ და არ ცდილობენ, მეტი ძალისხმევა ჩადონ კონკრეტულად ამ ინფრასტრუქტურის უკეთესობისკენ შესაცვლელად“, - აღნიშნა ლალიაშვილმა.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ მოძრაობის წესების შესახებ ცნობიერება უნდა ამაღლდეს და წესები ქვეითებმა და მით უმეტეს, მძღოლებმა უნდა დაიცვან.

ბოლო პერიოდში სწორედ ამ შუქნიშანთან რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.




Print