სტატია
რას ყვებიან ცხრა წლის ქაიან ბელქანიაზე წალენჯიხის სკოლაში
წალენჯიხელი 9 წლის ქაიან ბელქანია, რომელმაც ასტრონომიის ცოდნა გამოავლინა და ფართო საზოგადოებამ ფეისბუკით გაიცნო, სასკოლო ბიბლიოთეკის ხშირი სტუმარია. კითხულობს, როგორც მოთხრობებს და რომანებს, ასევე ენციკლოპედიებს, რომელშიც ციურ სხეულებზე ინფორმაციას ეცნობა. მეოთხე კლასის მოსწავლემ ბოლოს ჰენრი რაიდერ ჰაგარდის რომანით „სოლომონ მეფის საგანძური“ დაინტერესდა.  ქაიანის მათემატიკის მასწავლებელი და სკოლის დირექტორი მანანა სონგულია ამბობს, რომ მისმა მოსწავლემ ასტრონომიის ცოდნა რამდენიმე თვის წინ გამოავლინა. როგორც მან რადიო „ათინათს“ უთხრა, ბავშვს წაკითხულის დამახსოვრების და გადმოცემის განსაკუთრებული ნიჭი გააჩნია.

„ქაიანმა ციური სხეულებისადმი ინტერესი უფრო მეორე სემესტრში გამოვლინა. გაკვეთილების ბოლოს დარჩენას გვთხოვდა, უნდოდა მოგვესმინა მისი შეხედულებები ასტრონომიისადმი. სულ ვცდილობდი დრო მომეტოვებინა მისთვის... ქაიანი ბიბლიოთეკის აქტიური სტუმარია, ასაკთან შეუსაბამო წიგნები გააქვს. ზოგადად დაბალი კლასელები ძალიან აქტიურები არიან და ხშირად დადიან ბიბლიოთეკაში, მაგრამ ქაიანის დაინტერესების სფერო სულ სხვაა. ახლა გამოტანილი აქვს „სოლომონ მეფის საგანძური“. არ ვიცი, რამ განაპირობა ქაიანის ამ კუთხით განვითარება. სკოლაში ხშირად ტარდებოდა ჯიპრაიდული გაკვეთილები, რაც თხზულების შედგენსა, ზღაპრების გაგრძელებას და სწავლების სხვა ინოვაციურ მიდგომას გულისხმობს და შესაძლოა ამანაც ერთგვარი პროვოცირება მოახდინა, რომ მას ცოდნა გამოევლინა. დედა სამი წელი არ ჰყავდა ნანახი, არ იმყოფებოდა საქართველოში, ახლა როგორც გავიგეთ ჩამოსულია და ინტერნეტი შემოუყვანია ქაიანითვის, იქაც ეძებს რაღაცეებს. ამ ბავშვს აქვს უნიკალური მეხსიერების უნარი, რასაც წაიკითხავს წამებში იმახსოვრებს. ყველაზე განსაკუთრებული, რაც მას აქვს ეს მეტყველების და გადმოცემის უნარია“, - ამბობს დირექტორი.

სხვა საგნებში ქაიანი განსკუთრებულ შესაძლებლობებს არ ავლენს, თუმცა ქართულის მასწავლებელი და მისი დამრიგებელი მარინე ფიფია ამბობს, რომ მას თხზულებების მოფიქრება და ამა თუ იმ ნაწარმოების შინაარსის გაგრძელება უყვარს. ქაიანის ინტერესი ციური სხეულებისადმი, სხვა მასწავლებლებთან ერთად, მანაც სემესტრის ბოლოს აღმოაჩინა.

„მას ყოველთვის ჰქონდა კითხვები და არასოდეს ვაიგნორებდით. კითხვის კარგი ტექნიკა აქვს, მოსმენის და ვიზუალურად დამახსოვრების უნარიც კარგი აქვს, არაჩვეულებრივად მეტყველებს. განსაკუთრებით მოსწონს ტექსტის გაგრძელება, რაღაც ახალის მოფიქრება“, - თქვა მან.

სკოლის ადმინისტრაციამ ქაიან ბელქანიას მონაცემების შესახებ იფნორმაცია წალენჯიხის რესურსცენტრს უკვე გადასცა. თავის მხრივ, რესურსცენტრმა ინფორმაცია განათლების სამინისტროს გადაუგზავნა.
ახლა სკოლა სპეციალისტების მოლოდინშია, რათა გაირკვეს თუ რა მიმართულებით უნდა გააგრძელოს მეოთხე კლასის მოსწავლემ სწავლა. სამინსიტროში რადიო "ათინათს", უთხრეს, რომ განცხადება მათთან შესულია და საკითხზე შესაბამისი სამსახური მუშაობს.

ცხრა წლის ქაიან ბელქანია, რომელმაც ინტერნეტ სივრცე დაიპყრო, მეცნიერება სურს და კოსმონავტობაზე ოცნებობს. მანამდე კი პატარა ასტრონომი მზის სისტემის პლანეტების მოცულობასა და შემადგენლობას სწავლობს.

ქაიან ბელქანია საზოგადოებამ მეზობლის მიერ გავრცელებული ვიდეოების მეშვეობით გაიცნო. ის დედასთან და ბებიასთან ერთად წალენჯიხაში ცხოვრობს. როგორც მეზობლებმა ამბობენ, ბავშვის მამა თურქია და ის სამშობლოში ცხოვრობს. დედას კი ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და პატარა ქაიანს, ძირითადად, ბებია უვლის.

ამავე თემაზე:

გაიცანით ცხრა წლის ქაიანი,რომელმაც ინტერნეტი ასტრონომიის ცოდნით დაიპყრო (ვიდეო)


Print