საზოგადოება
რა შემთხვევაში დაუფინანსდებათ მოქალაქეებს 3 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადი
200 კვ-ზე ნაკლები დენის და 200 მ³-ზე ბუნებრივ აირის მოხმარების შემთხვევაში აბონენტებს კომუნალური გადასახადი დაუფინანსდებათ. ყველა ის აბონენტი, ვინც ერთი თვის განმავლობაში 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიასა და 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარს, მთავრობის მიერ დაწესებული შეღავათებით ისარგებლებს. მთავრობის ინიციატივა სამ თვეს - მარტს, აპრილსა და მაისს ეხება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, დაფინანსება აგრეთვე მოიცავს დასუფთავებისა და წყლის გადასახადსაც.

„აქ შედის როგორც დასუფთავების, ასევე წყლის გადასახადიც. ეს დახმარება არის პირდაპირ მიმართული თითოეულ მოქალაქეზე, რომელიც ჩვენ მთავრობის ფარგლებში მივიღეთ და გვესმის, რომ ეს არ იქნება საკმარისი. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ თითოეული მოქალაქის იდენტიფიცირება, რომელმაც დაკარგა სამსახური და ამის შემდგომ ჩვენ გვექნება სპეციალური ღონისძიებები მათი პირდაპირი დახმარებისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ელექტროენერგიის შემთხვევაში, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ დაწესებული ტარიფის მიხედვით, საუბარია თვეში 36 ლარის დაფინანსებაზე. რაც შეეხება ბუნებრივ აირს, რომელსაც რეგიონებს, მათ შორის, სამეგრელოს, „სოკარ ჯორჯია“ აწვდის, მოქალქეებს გადასახადის გადახდა 113-114 ლარის დახარჯვის შემთხვევაში არ მოუწევთ.
ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის ცნობით, ბუნებრივი აირის შემთხვევაში შეღავათი, დაახლოებით, 671 000 ოჯახს შეეხება, ხოლო ელექტროენერგიის შემთხვევაში - 200 000 ოჯახი.


Print