სტატია
ზუგდიდელი მასწავლებელი კურსდამთავრებულებზე: ზოგიერთის სახელის ხსენება მზარავს
პირველი საჯარო სკოლის ერთ-ერთმა პედაგოგმა სოციალურ ქსელში 2020 წლის კურსდამთავრებულებს სიძულვილის ენის შემცველი პოსტი მიუძღვნა. მასწავლებელი წლევანდელი გამოშვების მოსწავლეებს ემშვიდობება და როგორც ამბობს, უხარია, რომ ახალ სასწავლო წელს მათ გარეშე შეხვდება. მას ფავორიტი მოსწავლეებიც ჰყავს, ზოგიერთის სახელი და გვარის ხსენება კი ზარავს. 

"ჩემთვის 26-ე გამოშვება. უცნაური დღევანდელი მდგომარეობის გამო და არა მხოლოდ. არ ირეკება ბოლო ზარი, არ ვწერთ კეთილ სურვილებს მოხატულ პერანგებზე, რაც ყოველთვის გულისამაჩუყებელი იყო და ცრემლებს მგვრიდა. დღეს ეს განცდა არ მაქვს. პირიქით, ვფიქრობ და მიხარია, რომ მომავალ სასწავლო წელს მათ გარეშე შევხვდები! (რა თქმა უნდა დიდ უმრავლესობას ერ ეხება), ზოგიერთი მათგანის სახელი და გვარის ხსენებაც მზარავს. თუმცა მყავს ფავორიტებიც. თუ 18 წლის არ ვარგიხარ, ვერც 78-ის ივარგებ. თქვენ უკვე ხართ 18 წლის, ხართ კარგი ადამიანები, კაცური კაცები. თქვენ იცით, რომ პირველ რიგში ეს არის მთავარი. თქვენ შეგიძლიათ თავაწეულებმა იაროთ ცხოვრებაში, სიკეთე და ბედნიერება მოუტანოთ თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს. იარეთ, იარეთ, იარეთ, ამინ!", - წერს მასწავლებელი. 

პოსტმა სოციალური ქსელის მომხმარებლებსა და კურსდამთავრებულებში აღშფოთება გამოიწვია, თუმცა მოსწავლეებს ამ საკითხზე მედიასთან საუბარი არ სურთ.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ნეოგენის" წარმომადგენელი ცირა კაკუბავა მასწავლებლების მხრიდან მოსწავლეების შერჩევითობის ფაქტორს უსვამს ხაზს და მიიჩნევს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია საჯარო შეხვედრის ორგანიზება, სადაც რესურს ცენტრის ხელმძღვანელს, სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს პრობლემასა და მისი გადაჭრის გზებზე ღია საუბარი შეეძლებათ. კაკუბავას ინიციატივას მოქალაქეები და მშობლები ემხრობიან და თემაზე დისკუსიის გამართვას დადებითად მიიჩნევენ.

ამ დროისთვის პედაგოგის პოსტი ფეისბუქის გვერდზე არ იძებნება. უფრო მეტიც, როგორც #1 საჯარო სკოლის დირექტორმა გვითხრა, თანამშრომელს სტატუსი მან ააღებინა. ნინო გოგინავა კატეგორიულად ემიჯნება მოსწავლეების მიმართ დამოკიდებულების ასეთ გამოხატვას და ამბობს, რომ მასწავლებლის საქციელი არანაირ ეთიკურ ჩარჩოში არ ჯდება.

"ჩვენი მხრიდან მყისიერი რეაგირება მოჰყვა და მასწავლებელმა პოსტი აიღო, მაგრამ ამას არ აქვს ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა. სიტყვა უკვე გაცხადებული იყო, რაც ვფიქრობ, რომ არანაირ ჩარჩოში არ ჯდება, უდაოდ დარღვეულია ყველა ეთიკა, ამას ვაღიარებ. უბრალოდ ძალიან გაკვირვებული და განცვიფრებული ვარ, რომ ასე წარიმართა მოვლენები. ბოლო ზარის დღეს, არ ვიცი რა გითხრათ...", - თქვა გოგინავამ.

​რადიო "ათინათის" კითხვაზეთუ რას შეიძლებოდა გამოეწვია მასწავლებლის მხრიდან მსგავსი შინაარსის სტატუსის გამოქვეყნება, გოგინავა ამბობს, რომ ამას საფუძველი ჰქონდა, თუმცა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მასწავლებელს პოსტი არ უნდა დაეწერა.

"საფუძველი ჰქონდა, რა თქმა უნდა ჰქონდა, მაგრამ ეს დარეგულირდა მაშინ. გათვალისწინებულ იქნა მოსწავლეების ინტერესი, ყველას მოუსმინეს და გაიზიარეს მოსწავლეების მოსაზრება, მშვიდობიანი მსვლელობა მიეცა ყველაფერს. კი, პასუხისმგებელი არის დირექტორი იმაზე, რაც ხდება სკოლაში, მის გარეთ, მაგრამ სოც ქსელში მასწავლებელი თუ ამას იზამდა, ამას დაწერდა, ვერანაირად ვერ წარმოვიდგენდი. ყველაფერი გადაჩრდილა ამ კოშმარულმა, არანაირ ჩარჩოში რომ არ ჯდება ისეთმა პოსტმა", - ამბობს გოგინავა. 

დირექტორის განმარტებით, ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებლის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, სამეურვეო საბჭო და დისციპლინური კომიტეტი განიხილავენ და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ. 

მასალაზე მუშაობისას რადიო „ათინათმა“ პედაგოგთან დაკავშირება რამდენჯერმე სცადა, თუმცა მის ნომერზე ზარებს მამაკაცმა უპასუხა. მიუხედავად ჩვენი განმარტებისა, თუ რა საკითხზე ვუკავშირდებოდით, მან გვიპასუხა, რომ რამდენჯერაც არ უნდა დაგვერეკა, დღეიდან აღნიშნულ ნომერზე მხოლოდ ის გვიპასუხებდა.

იმ შემთხვევაში, თუ პირველი სკოლის მასწავლებელი განმარტებების ან განცხადების გაკეთებას მოისურვებს, „ათინათი“ მზად არის მას კიდევ ერთხელ დაუკავშირდეს.
Print