ახალი ამბები
ზუგდიდში ასფალტიდან ანასხლეტი ქვა ქალს თავში მოხვდა - რატომ ჭიანურდება რუსთაველის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია
ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე ავეჯის მაღაზიის გამყიდველს თავში გზიდან ანასხლეტი ქვა მოხვდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ ქვა მცირე ზომის იყო და მოქალაქემ უმნიშვნელო დაზიანება მიიღო. ადგილობრივები საავტომობილო გზის საფარის მოწესრიგებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.

„გზა სავსეა ქვებით და ძალიან საშიშია გავლა. გაუმართლა იმ ქალს, რომ ქვა პატარა იყო, თორემ შეიძლებოდა მოეკლა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, ხან მაღაზიის მინას გვიმსხვრევს, ხან ხალხს ხვდება. ასევე, არის გაუსაძლისი მტვერი, ვიხრჩობით“, - ამბობენ რუსთაველის ქუჩის მცხოვრებლები.

ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა მოსახლეობას განუმარტეს, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტს აღნიშნული ქუჩის რეაბილიტაციის ტენდერი გამოცხადებული აქვს და სამუშაოები უმოკლეს ვადებში დაიწყება. მანამდე, მოსახლეობამ და აქ არსებული სავაჭრო ობიექტების თანამშრომლებმა პირობა მიიღეს, რომ მერია გზას ქვა-ღორღისგან გაწმენდს.

ქალაქის მერიაში დაგვიდასტურეს, რომ გზის ამ მონაკვეთის შეკეთებაზე ტენდერი გამოცხადებულია და მალე სამუშაოებიც დაიწყება.

რაც შეეხება ტენდერს, რომელზეც მერიამ მიგვითითა და რომლის შესახებაც ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა მოსახლეობასთან ისაუბრეს, ის სავარაუდოდ, უნდა შეიცვალოს. საუბარია 2019 წლის აპრილში საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესყიდვაზე, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საავტომობილო გზების პერიოდული შეკეთების სამუშაოების შესრულებას გულისხმობდა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულ ინდივიდუალურ მეწარმესთან - „დავით სიჭინავასთან“ ხელშეკრულება 20 მილიონ ლარზე გაფორმდა. ამავე ინფორმაცით, ამ დროისთვის შესრულებულმა სამუშაოებმა, დაახლოებით, 10 მილიონი ლარი შეადგინეს და გზების რეაბილიტაცია სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, მათ შორის, წალენჯიხაში, აბაშასა და მარტვილში შესრულდა.
საკითხში გასარკვევად ტენდერში გამარჯვებულ ინდივიდუალურ მეწარმეს დავუკავშირდით. დავით სიჭინავას განმარტებით, რუსთაველის ქუჩაზე, სასტუმრო "ოდიშიდან" საკონსერვო ქარხნის ყოფილი შენობის ტერიტორიამდე (გადასახვევი) გზის აღდგენითი სამუშაოები მანამდეც უნდა განხორციელებულიყო, თუმცა წყლის და საკანალიზაციო სისტემის მშენებლობის გამო ვერ შესრულდა. მისივე თქმით, აღნიშნული სამუშაოების გამო ეს მონაკვეთი რადიკალურად შეიცვალა და ახალი პროექტის შედგენაა საჭირო. მას მერიის შეთავაზებაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და არ იცის დათანხმდება თუ არა რუსთაველის ქუჩის ნაწილის რეაბილიტაციას.


„ძალიან ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი და არ ვიცი, დავთანხმდები თუ არა შემოთავაზებას. ერთ კვირაში დამიკავშირდით და გეტყვით ჩემს გადაწყვეტილებას. მიმდინარე პროექტის ფარგლებში დაგეგმილი იყო გზაზე ახალი ასფალტის ფენის დაგება. ახლა ამ კანალიზაციის გამო გადაითხარა ქუჩა და შეკეთება კი არა, რეაბილიტაციაა საჭირო“, - გვითხრა დავით სიჭინავამ.

იმ შემთხვევაში, თუ რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია 2 კვირაში არ დაიწყება მოსახლეობა საპროტესტო აქციებით იმუქრება. მოესწრება თუ არა უახლოეს დღეებში ახალი პროექტის შემუშავება ან უკვე არსებულის კორექტირება, ჯერ უცნობია.

Print