სტატია
ხობის პირველი მაისის საჯარო სკოლაში დირექტორის დაბრუნებას ითხოვენ
ხობის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის პედაგოგებმა, ადმინისტრაციამ და ტექნიკურმა პერსონალმა განათლების მინისტრს ყოფილი დირექტორის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ წერილობით მიმართეს. ისინი კობა კვიკვინიას ხელახლა დანიშვნას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთვევაში კი პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართავენ. გარდა ამისა, სასწავლო დაწესებულების თანამშრომლები ითხოვენ, რომ დირექტორის შერჩევის პროცედურა გამჭვირვალე იყოს და ეჭვობენ, რომ საკითხი პოლიტიზებულია.

"ამ სკოლის მასწავლებლები არავის არ შევარჩენთ სკოლის იმიჯის შელახვას, მასწავლებლის რეპუტაციის ფეხქვეშ გათელვის მცდელობაც კი! ეს არის პედაგოგის მიმართ განხორციელებული მიზანმიმართული დანაშაული! დიახ, ჩვენს სკოლას არ ჰყავს მონა, მორჩილი და მხდალი მასწავლებლები! ჩვენ დავიცავთ ჩვენს დირექტორს, ჩვენს ერთ მუშტად შეკრულ ოჯახს არავის დავანგრევინებთ, ჩვენი სკოლის მომავლის მიზნების განადგურების უფლებას არ მივცემთ არავის! გვაჩვენეთ ის კრიტერიუმები, რითაც ფასდება სკოლის დირექტორი! კმარა! ისევ იგივე ხელწერა, ისევ მასწავლებლებზე ხელის შეწმენდა! წლების წინ წინა ხელისუფლებას შეეწირა ჩვენი დირექტორი ქალბატონი ნინო ცხადაია და მიზეზად დასახელდა "ანონიმური დახასიათება"( სიტყვით მოგვიცილეს), დღესაც იგივე მეორდება... ისმის კითხვა: მაშინ რით განსხვავდება ეს ხელისუფლება იმ ხელისუფლებისგან? მართლა კმარა!!! ჩვენ არ დავუშვებთ მეორედ მსგავსი ფარსის განმეორებას და კიდევ ერთი მთავარი რამ გვინდა შეგახსენოთ - არავინ გაბედოს სკოლის გარევა პოლიტიკურ სიბინძურეში! კანონის მიხედვით სკოლა აპოლიტიკური ორგანიზაციაა. გვაცალეთ გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას და ბავშვებს! სკოლას მხოლოდ ერთი პოლიტიკა აქვს: საგანმანათლებლო!", - აღნიშნულია მასწავლებლების მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მიმართვაში.

ასევე, ცნობილი ხდება, რომ მათ კოლექტიური განცხადებით ჯერ ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრს მიმართეს, შემდეგ კი სამინისტროსთან დაკავშირება ცხელ ხაზის მეშვეობით, უშედეგოდ სცადეს. მათთვის გაუგებარია, თუ რატომ არ გადაწყდა საკითხი კვიკვინიას სასარგებლოდ.

"მივმართეთ ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, მაგრამ, სამწუხაროდ უფროსი ქალბატონი ბეატრისა რუსია არ პასუხობს არცერთი მასწავლებლის ზარს, იურისტი კი გვპასუხობს, რომ აღნიშნულ წერილზე პასუხი არ აქვს. ვრეკავთ სამინისტროს ცხელ ხაზზე და გვპასუხობენ რომ ეს საკითხი განხილვის პროცესშია. საინტერესოა, ხობის მუნიციპალიტეტის ყველა დირექტორის საკითხი თუ დადებითად გადაწყდა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სოფლებისა და არამარტო სოფლების სკოლებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული სკოლის დირექტორმა რა დააშავა ასეთი, რომ მისი მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის ბრძანება იგვიანებს. მთელი სასკოლო საზოგადოება მივიჩნევთ, რომ ბატონი კობა სკოლის წარმატებაზე ორიენტირებული პირია და მას არ ჰქონია გადაცდომები. მისი საქმიანობა თანამედროვე სასკოლო მენეჯერის მოთხოვნებს სრულად პასუხობს. ბოლო წლებში სკოლა ჩართული იყო უამრავ პროექტში, სკოლის კურსდამთავრებულები უპრობლემოდ აბარებენ უმაღლეს სასწავლებლებში. სკოლაში ინერგება ყველა სიახლე, რომელსაც განათლების სამინისტრო მიიჩნევს პრიორიტეტულად", - ნათქვამია წერილში.

გარდა ამისა, გამომდინარე იქიდან, რომ 17 ოქტომბერს სკოლის დირექტორის მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდა, სკოლაში დასაქმებულები კუთვნილ ხელფასს ვერ იღებენ, რადგან ბუღალტრის განმარტებით სასწავლო დაწესებულებას არ ჰყავს ოფიციალური ხელმძღვანელი, რომელიც ხელს მოაწერს სახელფასო უწყისს.

"ამ ეტაპისთვის კოვიდ-19 დადასტურებული აქვს სკოლის 5 თანამშრომელსაც და 4 მოსწავლეს. თვითიზოლაციის პირობებში მყოფ სკოლის თანამშრომლებსა და მათ ოჯახებს ხელფასის მიუღებლობით მეტად მძიმე მდგომარეობაში ვაგდებთ. რესურსცენტრს მივმართეთ აღნიშნული კრიზისული ვითარების განმუხტვაში დასახმარებლად, მაგრამ ვერანაირი რჩევა-დარიგება ვერ მივიღეთ, ამიტომ მოგმართავთ თქვენ", - წერენ პირველი მაისის სკოლის თანამშრომლები.

სკოლის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში მასწავლებლები და სხვა თანამშრომლები დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე კობა კვიკვინიას დაუყოვნებლივ დანიშვნას მოითხოვენ. გარდა ამისა, სკოლის მოსწავლეებმა სოციალურ ქსელში კამპანია წამოიწყეს, რომლის ფარგლებშიც, ისინი მხარდაჭერას უცხადებენ ყოფილ დირექტორს და წერენ, რომ უსამართლობას არ დაუშვებენ.

თავად კობა კვიკვინია ამბობს, რომ მის განცხადებაზე განათლების სამინისტროდან პასუხი ამ დრომდე არ აქვს. მისივე თქმით, ის სამინისტროს ცხელ ხაზზე პერიოდულად რეკავს, თუმცა კონკრეტული პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

"იმ დირექტორებმა, რომლებსაც ჩემსავით დაუმთავრდათ ხელშეკრულების ვადა, ყველამ მიიღო პასუხი. ვრეკავ ცხელ ხაზზე და არაფერს მეუბნებიან, მხოლოდ ის მითხრეს თქვენს განცხადებას ერთი თვე აქვსო ვადა. მე სამეურვეო საბჭოს მიერ კონკურსის წესით არჩეული სერთიფიცირებული დირექტორი ვარ. 6 წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ ხელახლა უნდა ჩატარებულიყო სამეურვეო საბჭოს სხდომა, მაგრამ პანდემიის გამო ვერ მოხერხდა არჩევნების ჩატარება", - ამბობს კვიკვინია, რომელიც სკოლაში მასწავლებლის პოზიციაზე აგრძელებს მუშაობას.

ჩვენს კითხვაზე, ხომ არა აქვს მის ამ საქმეს პოლიტიკური სარჩული, ან ხომ არ სთხოვა რომელიმე პარტიამ არჩევნებისთვის მხარდამჭერების მობილიზება, პასუხობს, რომ მსგავსი დავალება არ მიუღია.

განათლების სამინისტროში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ დირექტორის შესახებ ინფორმაცია საჯარო წესით უნდა გამოვითხოვოთ და უწყებისგან პასუხს მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ.

გაითვალისწინებს თუ არა განათლების სამინისტრო მოსწავლეებისა და მასწავლებლების მოთხოვნებს, ჯერ უცნობია. როგორც ყოფილმა დირექტორმა გვითხრა, მას სამინისტროს ცხელ ხაზზე განუმარტეს, რომ განცხადებას ერთთვიანი ვადა აქვს.

კობა კვიკვინიას იმედი არა აქვს, რომ მისი საქმე დადებითად გადაწყდება, თუმცა უწყებისგან პასუხს 9 ნოემბრამდე მაინც დაელოდება.
Print