ახალი ამბები
"არტ შაურმა" და ზუგდიდის თეატრი - კრიტიკა და განმარტებები
ზუგდიდში, ყოფილი კულტურის სახლის შენობაში გახსნილმა კვების ობიექტმა "არტ-შაურმამ" სოციალური ქსელის მომხმარებლების ნაწილში ნეგატიური გამოხმაურება გამოიწვია. ისინი მიიჩნევენ, რომ ამ ადგილას მსგავსი ტიპის ობიექტის არსებობა მიზანშეწონილი არ არის და ფეისბუქზე საკუთარ მოსაზრებებს აქვეყნებენ.

"კულტურის სახლში, სადაც ამჯერად თეატრია დაბინავებული, გაიხსნა საშაურმე, თან ჩვეულებრივი არა, "არტ შაურმა", - წერს დათო ლოგუა. 

"შაურმაში პიესის მოკლე შინაარსი დევსო))", - ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში თეატრის ყოფილი დირექტორი მაია კალანდა საშაურმის გახსნას. 

"თეატრი + შაურმა = არტ შაურმა. სირცხვილია ბიჭო სირცხვილია", - თვლის ფეისბუქის მომხმარებელი მიშიკო კლდიაშვილი. 

რადიო "ათინათმა" საშაურმის მეპატრონეს მალხაზ მესხიას ჰკითხა, რატომ გადაწყვიტა სწორედ ამ ადგილზე ასეთი ტიპის კვების ობიექტის განთავსება. "არტ შაურმის" მფლობელი აღნიშნავს, რომ მან ელექტრონულ აუქციონში მიიღო მონაწილეობა და იჯარით ფართის ფლობის უფლება მიიღო. საშაურმე სულ რამდენიმე დღეა გაიხსნა. მესხია ამბობს, რომ ობიექტზე სრულად დაცულია ჰიგიენისა და სანიტარიის ნორმები, საშაურმეში კი 4 ადამიანია დასაქმებული. 

"იჯარით მაქვს აღებული. იმიტომ გავაკეთეთ აქ, რომ აქვეა ბაზარი, სავაჭრო ცენტრი, სადგური... ამ მოცემულობას მე ვერ შევცვლი. იყო იდეა, რომელიც შესაძლოა იყოს მომგებიანი ჩემთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც არის აქ დასაქმებული. სუფთად, ლამაზად არის ყველაფერი გაკეთებული. ვცდილობ კრიტიკას პოზიტიურად შევხედო... რა თქმა უნდა გული მწყდება, სხვა მხრივაც ხომ უნდა შეხედონ სიტუაციას. სანთლით ვეძებდი ადამიანებს, ახალგაზრდები მოვიყვანე, ვასწავლე, დავასაქმე...", - ამბობს ის.

კითხვაზე რატომ "არტ შაურმა", გვპასუხობს, რომ გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული შენობა თავის დროზე კულტურული დანიშნულების იყო, სახელწოდებაც შესაბამისად შეარჩია.

"უამრავი არტ რაღაცა არსებობს, არტ კაფე მაგალითად... არ მეგონა ასეთი აჟიოტაჟი რომ მოყვებოდა. რადგან იყო თავის დროზე კულტურის სახლი - დავარქვი ასე. ხაზს ვუსვამ, რომ ეს კერძო ბიზნესია და თეატრთან არავითარი კავშირი არ აქვს", - გვითხრა მან.

კვების ობიექტის გახსნას გამოეხმაურა ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ადმინისტრაცია. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დასი თეატრის დროებითი ადგილსამყოფელის მიმდებარედ, კვების ობიექტის გახსნას სრულად ემიჯნება.

"თეატრს მასთან არავითარი მორალური, იურიდიული თუ ფინანსური კავშირი არ გააჩნია. მეტიც, თეატრის დანიშნულების სპეციფიკიდან გამომდინარე, სიტყვიერი მოლაპარაკების მიუხედავად, "ობიექტმა" ფუნქციონირება მაინც დაიწყო. მოგეხსენებათ, ჩვენი თეატრის მშენებლობის გამო, დასი უკვე 2 წელზე მეტია დროებით არის შესახლებული ყოფილი კულტურის სახლის შენობაში და უკავია შენობის მხოლოდ ერთი ნაწილი (დარბაზი და სცენა). შენობაში არსებულ სხვა ფართზე (სამუსიკო სკოლა, სამკერვალო, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, დანტისტი) არავითარი იურიდიული უფლებები არ გააჩნია. როგორც ჩვენთვის ცნობილია, არსებულმა კვების ობიექტმა ტენდერის საფუძველზე დაიწყო საქმიანობა. თეატრს საზოგადოების კულტურულ და მოქალაქეობრივ განვითარებაში დიდი წვლილი აკისრია. ამიტომ ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენს ფუნქციას და რეპუტაციას საზოგადოებაში. და ამ პირობებშიც აქტიურად ვმუშაობთ ახალ რეპერტუარზე. მოგეხსენებათ ძალიან მალე თეატრს თანამედროვედ აღჭურვილი შენობა ექნება სადაც საფუძვლიანად გააგრძელებს ფუნქციონირებას", - ნათქვამია განცხადებაში.

ზუგდიდის მერიაში განმარტავენ, რომ აღნიშნული ფართი მათ საკუთრებაში არსებული შენობის ნაწილია, რომელიც იჯარით, ერთი წლის ვადით არის გაცემული.

"ეს არ არის უკვე კულტურის სახლი. მოიჯარეს უფლება აქვს ნებისმიერი საქმიანობა განახორციელოს, რაც კანონით არის დაშვებული. თეატრი კი მოგეხსენებათ, რომ მალე გადავა ახალ, რეაბილიტირებულ შენობაში", - ამბობენ მერიაში. 

შენობა, რომელიც წლების განმავლობაში ზუგდიდის კულტურის სახლი იყო, მერიის ბალანსზეა. აქ დროებით თეატრალური დასია განთავსებული. შენობაში ფუნქციონირებს სხვადასხვა ობიექტი, მათ შორის, სამკერვალო და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია.
Print