სტატია
რატომ არ აღმოჩნდა საკმარისი შეზღუდვების შემსუბუქება - ზუგდიდის სარესტორნო ბიზნესი პანდემიაში (ფოტო/ვიდეო)
ზუგდიდში რესტორნების ნაწილმა მუშაობა უამინდობის გამო ვერ განაახლა, ნაწილი გახსნას არ ჩქარობს და რეგულაციების კიდევ უფრო შემსუბუქებას ელოდება. მთავრობა პანდემიის გათვალისწინებით შეზღუდვების გადახედვას ერთ კვირაში გეგმავს. მანამდე, ფუნქციონირებას მხოლოდ ღია სივრცის მქონე კვების ობიექტები შეძლებენ.

"ჰუგოს ტავერნა" სტუმრების მისაღებად მზად არის, მაგიდების და სკამების ეზოში გატანას გეგმავს, თუმცა დღეს ეს უამინდობის გამო ვერ შეძლო. ევროპული ტიპის კვების ობიექტის მფლობელმა მანანა ტრენკლემ გვითხრა, რომ რესტორნის სრულყოფილ ფუნქციონირებას, სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად, ე.წ. კომენდანტის საათიც უშლის ხელს.
1059fm · მანანა ტრენკლეს კომენტარი
"ხალხს 6 საათზე უმთავრდება სამსახური, მოვლენ და 1 საათში უნდა ვუთხრა ვიხურები, რადგან მეც ხომ მჭირდება დრო მისალაგებლად. ამასთან, თანამშრომლებიც სახლებში ხომ უნდა წავიდნენ. ამ კვირას თოვლსაც პროგნოზირებენ, სანამ სტუმარს გარეთ კერძს მიუტან გაცივდება, აბა, ასეთი გახსნა...", - ამბობს რესტორნის მეპატრონე.

დღეს სტუმრებისთვის კარი "მენძელში" გაიღო. აქ მომხმარებელს მომსახურებას როგორც აივანზე, ასევე რესტორნის შესასვლელთან მოწყობილ სივრცეში სთავაზობენ. დღეს პირველი სტუმარი დღის მეორე ნახევარში მიიღეს.
"დავიწყეთ მუშაობა, მივიღეთ სტუმრები და ამავდროულად გატანებზეც ვმუშაობთ და ვნახოთ როგორი იქნება ხვალინდელი დღე. ვიცავთ სახელმწიფოს მიერ დაწესებულ რეგულაციებს. კომენდანტის საათი შემაფერხებელი არის თავისთავად, მაგრამ უკეთესობის იმედიც გვაქვს", - გვეუბნება "მენძელის" მენეჯერი ბათუ აბსავა.

"ჰუგოს ტავერნას" მსგავსად, უამინდობის გამო "დიარონმაც" ვერ მოახერხა მუშაობის განახლება. რესტორნის ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ მომდევნო დღეებშიც უხვი ნალექის გამო არ გეგმავენ ღია სივრცეში სტუმრების მიღებას.

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მოწყობილი რესტორნის "აქ დადიან" გახსნა ამ დღეებში არ იგეგმება. უფრო ზუსტად, მუშაობის დაწყებას არ აპირებენ სანამ ე.წ. კომენდანტის საათი არ მოიხსნება ან დრო არ გახანგრძლივდება.
1059fm · იაგო ფასანძე
აქ სტუმრებს ძირითადად ღამის საათებში იღებდნენ და მათთვის შემსუბუქებული რეგულაციები არაფრის მომტანი აღმოჩნდა.

"ნახევრად ღია სივრცე კი არის, მაგრამ არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე ეს არ არის მომგებიანი ჩვენი ბიზნესისთვის, იმიტომ რომ ჩვენ რომ ვიმუშაოთ, გავცეთ ხელფასები, ამასთან გავცეთ საიჯარო თანხა და სხვა ხარჯები დავფაროთ - შეზღუდულ დროში მუშაობა ჩვენი ბიზნესისთვის არის წამგებიანი. გარდა ამისა, ჩვენი თანამშრომლები არიან სოფლებში მცხოვრებლები, რაც ნიშნავს იმას, რომ უნდა დავხუროთ 7 საათზე", - გვითხრა კვების ობიექტის მენეჯერმა იაგო ფასანძემ.

ზუგდიდში მომუშავე რესტორნებისთვის შეზღუდვების შემსუბუქება, სხვადასხვა მიზეზით, ჯერჯერობით ბოლომდე ეფექტური ვერ აღმოჩნდა. ბიზნესი კვლავ პანდემიით მიღებულ ზარალზე ჩივის და მუშაობის სრულყოფილად დასაწყებად რეგულაციების შემსუბუქებას ელოდება. 

"ამ შეზღუდვების კიდევ უფრო შემსუბუქება განხილული იქნება ერთი კვირის თავზე", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა გიორგი გახარიამ 4 თებერვალს, მაშინ როცა ღია სივრცის მქონე რესტორნების მუშაობის განახლება დააანონსა.


Print