ახალი ამბები
ზუგდიდის საკრებულოში „ქართული ოცნება“ უმრავლესობას კარგავს
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდის ყველა საარჩევნო უბანი დათვლილია და ოქმები ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე უკვე ატვირთულია. მმართველ პარტიას ზუგდიდში, სავარაუდოდ, უმრავლესობა არ ეყოლება და 45-კაციან საკრებულოში 19-20 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. 

წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდის 15 მაჟორიტარული ოლქიდან, „ქართულმა ოცნებამ“ მხოლოდ 5-ში შეძლო გამარჯვების მოპოვება:

ქალაქის #1 მაჟორიტარული ოლქი

„ევროპული საქართველო“, ბათლომე შელია - 33.41 %, ქართული ოცნება“, თაზო ფაცაცია - 47.24%.

ქალაქის #2 მაჟორიტარული ოლქი

„ნაციონალური მოძრაობა“, თემურ ღურწკაია - 38.14%, „ქართული ოცნება“, მამუკა ყურაშვილი - 42.29%.

#5 მაჟორიტარული ოლქი (ნარაზენი აბასთუმანი ახალსოფელი, ჯუმი, ოფაჩხაფუ, უჩაშონა, შამადელა, ხეცერა)


„ნაციონალური მოძრაობა“, დავით გრიგოლია - 40.98%, „ქართული ოცნება“, ედიტა კოდუა - 44.87%;

#7 მაჟორიტარული ოლქი (ჩხორია რიყე, ზედა ეწერი, ტყაია)

„ნაციონალური მოძრაობა“, დავით ვეკუა - 45.45%, „ქართული ოცნება“, გიორგი ფიფია - 47.72.

#9 მაჟორიტარული ოლქი (ყულიშკარი ჯიხაშკარი ჭაქვინჯი ალერტკარი)

„ნაციონალური მოძრაობა“, დავით ფიფია - 41.47%, „ქართული ოცნება“, ჯონი ჯიქია - 43.86%.

პროპორციული სისტემით კი პარტიებს შორის პროცენტები კი ასე გადანაწილდა:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“- 43.16% (22 166 ხმა);

„გახარია-საქართველოსთვის - 10.64% (5 463);

„ლელო“ - 1.44% (741 ხმა);

„ქართული ოცნება“ – 40.06% (20577 ხმა).

საბოლოოდ, 45-კაციან საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ 5 მაჟორიტარი და პროპორციული სისტემით არჩეული, სავარაუდოდ, 13-14 დეპუტატი ეყოლება.

რაც შეეხება ყოფილ მმართველ პარტიას, მას წარმომადგენლობით ორგანოში, სავარაუდოდ, 9 მაჟორიტარი ეყოლება, ხოლო პროპორციული სისტემით, 14-15 წევრი.

სავარაუდოდ, 3 წევრით იქნება წარმოდგენილი პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ ზუგდიდის საკრებულოში. მას ხმების საერთო რაოდენობის 10.64% ერგო. ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტიას რამდენიმე მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატი ჰყავდა წარდგენილი, თუმცა გამარჯვების მოპოვება ვერც ერთმა ვერ შეძლო.

ერთადერთი ოლქი, სადაც გამარჯვება და 40%-იანი ბარიერის გადალახვა ვერავინ მოახერხა #4 მაჟორიტარული ოლქია (ჭითაწყარი, ცაიში, ურთა, ცაცხვი). აქ ენმ-ის კანდიდატმა, ზვიად ჯღარკავამ ხმების 39.84% მიიღო, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ირაკლი ჯანაშიას 38.95% ერგო. აღნიშნულ ოლქში, სავარაუდოდ, მეორე ტური დაინიშნება.

ინფორმაციისთვის, ახალი საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ზუგდიდის საკრებულოს შემადგენლობა 5 დეპუტატით ნაკლები იქნება. კერძოდ, 15-მდე მცირდება მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობა, პროპორციული შემადგენლობა კი 30-მდე იზრდება. შესაბამისად, ნაცვლად 50 დეპუტატისა, საკრებულოში სულ 45 წევრი იქნება.

Print