სტატია
ჩქარობს თუ არა ზუგდიდის საკრებულო და მერია ბიუჯეტის დამტკიცებას - შეფასებები და მოლოდინი
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ზუგდიდის ოფისში, 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურმა მომდევნო წლის პრიორიტეტებზე ისაუბრა. დოკუმენტის წარდგენის შემდეგ, შეკრებილებმა რამდენიმე კითხვა, მათ შორის, ბიუჯეტის პროექტის განხილვის პროცედურებზე დასვეს.

"საერთაშორისი გამჭვირვალობა- საქართველოს" ზუგდიდის ოფისი ხელმძღვანელი არჩილ თოდუა დაინტერესდა, გაგრძელდება თუ არა ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის საჯარო განხილვები, რაზეც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ პანდემიიდან გამომდინარე, მასშტაბური საჯარო განხილვები არ არის დაგეგმილი, თუმცა ერთი კვირის განმავლობაში ნებისმიერ მოქალაქეს ექნება საშუალება საკრებულოს შენიშვნებით მიმართოს.

მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას თან ახლავს ერთი საინტერესო გარემოება, თუ ვინ დაამტკიცებს მას - ახალი მოწვევის საკრებულო თუ ძველი, რომელიც რამდენიმე დღეში ძალა დაკარგულად გამოცხადდება.

რადიო "ათინათთან" საუბარში არჩილ თოდუა ამბობს, რომ ბიუჯეტის პროექტის განხილვა რამდენიმე პრობლემური გარემოების ფონზე მიმდინარეობს. მისივე განმარტებით, ერთის მხრივ, მიმდინარე განხილვით კანონის რაიმე ნორმა არ ირღვევა, თუმცა, იკვეთება პრობლემები.

"2017 წლის მოწვევის, ანუ დღეს მოქმედ საკრებულოს უფლებამოსილება რამდენიმე დღეში ეწურება, შესაბამისად არ იქნება ლოგიკური, თუკი ეს საკრებულო წარმართავს სრულად განხილვის პროცესს და საბოლოოდ დაამტკიცებს კიდეც ბიუჯეტსაც. მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტის განხილვასა და დამტკიცებაზე პასუხისმგებლობა აიღოს ახალმა საკრებულომ, რომელსაც შემდგომში მის შესრულებაზე კონტროლი მოუწევს. აუცილებელია, რომ ახალი საკრებულო შეიკრიბოს მალევე და კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში მოხდეს ბიუჯეტირების პროცესის შემდგომი წარმართვა. მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა გახლავთ ის, რომ კომისიებსა და ფრაქციებში ბიუჯეტის პროექტის განხილვა მოხდა დაჩქარებულ რეჟიმში. თუკი წინა წლებში ბიუჯეტის პროექტის განხილვის პირველი ეტაპი თითქმის ორი კვირა გრძელდებოდა, დღეს მხოლოდ 2 დღე მოანდომეს, რაც ასევე არალოგიკურია და პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის ბიუჯეტის პროექტის კარგად შესწავლასა და სრულფასოვანი შენიშვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას, საზოგადოების ფართო ჩართულობას. აქვე ისიც უნდა გავითვალისწინოთ რომ ბიუჯეტის პროექტის პროგრამული ნაწილი არასრულყოფილად არის წარმოდგენილი. ასევე პრობლემურია ისიც, რომ განხილვის პროცესში ჯერ არ არის ჩართული ახალი მერი და ჩვენ არც კი ვიცით რა ხედვები აქვს მას 2022 წლის საბიუჯეტო პროგრამებთან დაკავშირებით", - განმარტავს თოდუა.

ჩვენს კითხვაზე, თუ რა შეიძლება მოხდეს ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" წარმომადგენელი ამბობს, რომ თვითმმართველობის კოდექსი ეს პროცედურა მკაფიოდ არის გაწერილი.

"ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში მერი უფლებამოსილია თითოეულ პრიორიტეტზე ყოველთვიურად გასცეს თანხა არაუმეტეს გასული საბიუჯეტო წლის ასიგნებების ერთი მეთორმეტედისა. ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 3 თვის განმავლობაში ბიუჯეტის პროექტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში კი მთავრობა საკრებულოს და მერს ვადამდე უწყვეტს უფლებამოსილებას. თუმცა, მოვლენათა განვითარების ასეთი შესაძლებლობის დაშვება ვერ იქნება გამართლება იმისა, რომ 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს დღეს მოქმედი საკრებულო განიხილავს და დაამტკიცებს. მნიშვნელოვანია, რომ ახალი საკრებულო შეიკრიბოს უახლოეს დღეებში, მან განაგრძოს ბიუჯეტის პროექტის განხილვა და ახალი საკრებულოს მიერვე მოხდეს მისი დამტკიცება", - ამბობს თოდუა.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ჭეჟია ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ თუ მომავალი წლის ბიუჯეტს ძველი საკრებულო დაამტკიცებს, ამაში ის პრობლემას ვერ ხედავს.

"ცალსახად ვერ ვიტყვი, რომ ბიუჯეტი მაინც და მაინც ამ მოწვევის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს. თუმცა, თუ მოასწრო მერიამ შემოტანა და დაამტკიცა ამ საკრებულომ, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. ბიუჯეტი არის ცოცხალი ორგანიზმი ახალი მოწვევის საკრებულოს მასზე ზემოქმედების მოხდენა ყოველთვის შეუძლია", - აღნიშნა ჭეჟიამ.

კითხვაზე, აქვს თუ არა "ქართულ ოცნებას" მოლოდინი, რომ ახალი მოწვევის საკრებულო, რომელშიც უმრავლესობით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა" წარმოდგენილი, ბიუჯეტს ჩააგდებს, ჭეჟია გვპასუხობს, რომ ამის ალბათობა არ არსებობს, რადგან კომისიურ განხილვებში ოპოზიციაც მონაწილეობდა. მისივე თქმით, ბიუჯეტის განხილვა კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს და უჩვეულო არაფერი ხდება.

"მერიას აქვს ვალდებულება საკრებულოს წარუდგინოს ბიუჯეტის პროექტი 15 ნოემბრამდე, რაც მან შეასრულა. საკრებულო ვალდებულია განიხილოს ის და არაუგვიანეს 25 ნოემბრისა მიუბრუნოს მერიას შენიშვნებითურთ. მანამდე, უნდა უზრუნველყოს ამ ბიუჯეტის პროექტის საჯაროობა, გამჭვირვალობა, მისი განხილვა კომისიებში, ფრაქციებში - რა პროცესიც დღეს მიმდინარეობს. არამგონია "ნაციონალურმა მოძრაობამ" ჩააგდოს ბიუჯეტი, რადგან კომისიის განხილვებში მონაწილეობას იღებდნენ ენმ-ის წევრები და რატომ უნდა ჩააგდონ, ვერ წარმომიდგენია. ეს ბიუჯეტი ამა თუ იმ პარტიის შეხედულებების მოქალაქეებისთვის არ დგება. ეს ბიუჯეტი ყველასია ვინც ამ მუნიციპალიტეტში ცხოვრობს. ამ შემთხვევაში თანაბრად ვიზიარებთ პასუხისმგებლობას ორივე მხარე",- ამბობს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მტკიცებით, ცენტრალური ხელისუფლების დავალებით საკრებულოებმა მთელი ქვეყნის მაშტაბით, მათ შორის, ზუგდიდის უკვე ვადაგასულმა საკრებულომ დაიწყო 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და მისი დაჩქარებული წესით მიღებას აპირებს. პარლამენტის წევრის და ენმ-ის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელის ანა წითლიძის შეფასებით, ხელისუფლება საკრებულოებში არალეგიტიმურ და არაკანონიერი პროცესებს იწყებს.

"საკრებულოებში უმცირესობაში გადასული მმართველი პარტია იღებს გადაწყვეტილებას და განიხილავს და ემზადება 2022 წლის ბიუჯეტის დაჩქარებული წესით მისაღებად, იმის შიშით რომ საკრებულოში მათ არა აქვთ უმრავლესობა და ახალი საკრებულოების პირობებში ბიუჯეტის ორჯერ ჩავარდნას შეიძლება მოყვეს რიგგარეშე არჩევნები", - ამბობს წითლიძე.

ინფორმაციისთვის, ზუგდიდის საოლქო კომისიამ შემაჯამებელი ოქმი 10 ნოემბერს დაამტკიცა. ადილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით კი ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომა არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში უნდა შეიკრიბოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი მოწვევის საკრებულო საქმიანობას დეკემბრის შუა რიცხვებიდან შეუდგება.

იშვიათი გამონაკლისის გარდა, ზუგდიდის ბიუჯეტის დამტკიცება დეკემბრის ბოლოს ხდებოდა.
Print