ახალი ამბები
სიმინდის და ბოსტნეულის მოსავლიანობის მაჩვენებლები შემცირდა, ხორბლის, ქერის და კარტოფილის კი გაიზარდა - საქსტატი
2021 წლის წინასწარი მონაცემებით, წინა წელთან შედარებით სიმინდის და ბოსტნეულის საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებლები შემცირდა, ხორბლის, ქერის და კარტოფილის საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებლები კი გაიზარდა, - ინფორმაციას ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

ამავე ცნობით, 2021 წელს, საქართველოში ხორბლის წარმოებამ 136.1 ათასი ტონა შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 32.9 პროცენტით მეტია.

"საქსტატის" მონაცემებით, ქერის წარმოება 28.4 პროცენტით გაიზარდა და 58.3 ათასი ტონა შეადგინა. სიმინდის წარმოება კი 233.0 ათასი ტონით განისაზღვრა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 8.6 პროცენტით ჩამორჩება. ამავე ინფორმაციით, კარტოფილის წარმოება 12.7 პროცენტით გაიზარდა და 235.1 ათასი ტონა შეადგინა. ამასთან, 2021 წლის განმავლობაში წარმოებულია 149.0 ათასი ტონა ბოსტნეული, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 15.4 პროცენტით ჩამორჩება.
Print