ახალი ამბები
ზუგდიდის ბაზარში სააღდგომოდ ხალხის სიმცირეს უჩივიან (ფოტო/ვიდეო)
ზუგდიდის ცენტრალურ სუპერმარკეტში სხვა დღეებთან შედარებით სააღდგომოდ მეტი ხალხი დადის, თუმცა, წინა წლების გათვალისწინებით, მყიდველების რაოდენობა შემცირებულია. ამას თავად ბაზრის მოვაჭრეები ამბობენ და მომხმარებლების სიმცირეს უჩივიან.

მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულად სააღდგომოდ ფასების მომატებას არ აღნიშნავენ, განმარტავენ, რომ პროდუქტის ფასმა საკმაოდ მოიმატა და შესაძლოა, კლიენტების სიმცირეც ამას უკავშირდებოდეს.

"სააღდგომოდ, რა თქმა უნდა, ყველაფერს ყიდულობენ, მაგრამ საქართველოში კარტოფილის ფასი რომ ამხელაა, ხახვი, კომბოსტო - ეს მიუღებელია. გაძვირებულია ყველაფერი, ამ დროს კი ხალხი რა დღეშია, ყველამ კარგად ვიცით. შემოდიან და თითო-თითო კინკილა რაღაცას ძლივს ყიდულობენ. ადგილობრივი ვაშლი 2 ლარზე ნაკლებად არ არის არც ერთი, შემოტანილი თურქული კიდევ უარესი. აღდგომამდე როგორც ღირდა, ისე არის დღესაც, ზოგადად არის გაძვირებული. ძალიან დიდი კრიზისია, მომხმარებელი ნაკლებია, ახლა მეტ-ნაკლებად აღდგომის დღეებში მოდიან, ისე კი ფაქტობრივად აღარ დადის ხალხი", - ამბობს  გულო ბენდელიანი.

მომატებულ ფასებზე საუბრობენ ხორცის და ყველის გამყიდველებიც. მაგალითად, სულუგუნის ფასი 22 ლარია, ხმელი ყველი 26 ლარი ღირს, ჭყინტი კი - 16.  რაც შეეხება ხორცს, ღორისა და საქონლის ხორცის ფასი, 14-დან 18 ლარამდე მერყეობს, თუმცა მყიდველი აქაც ცოტაა.

"გაღარიბებულია საქართველო, ხალხი გაღარიბდა, ვდგავარ და ვდარაჯობ ბაზრის ტერიტორიას", - გვეუბნება ბაზარში მომუშავე იამზე ბულია.

პროდუქტის სიძვირეზე საუბრობენ  მყიდველებიც, თუმცა, სააღდგომოდ აუცილებელი პროდუქტების შეძენას მეტ-ნაკლებად მაინც ახერხებენ.

"რაც სააღდგომო სუფრას ტრადიციულად სჭირდება, წელსაც ალბათ იმავე პროდუქტის საყიდლად გამოვალთ და შევიძენთ, ფასებს რაც შეეხება, ინფლაციასთან, კორონასთან, ომთან დაკავშირებული მიზეზებით ფასები მომატებულია და ბევრი რამის ყიდვა შეიძლება მომხმარებელს გაუჭირდეს", - ამბობს ზუგდიდელი ირაკლი ბუკია.

განსხვავებულია პასკის ფასი და ზომის მიხედვით, 4-დან 20 ლარამდე მერყეობს. 10 კვერცხს, დაახლოებით, 4.40 ლარიდან 5.50-მდე შეიძენთ, საშუალო ზომის ქათამს კი 15-დან 25 ლარამდე იყიდით. 

"ზოგადად, ვიტყოდი რომ ფასები არის მომატებული, დაახლოებით, 30%-ით. შესაბამისად, სოფლის პროდუქტზეც აისახება ეს. იქიდან გამომდინარე, რომ დასაქმებული ვარ, მეტ-ნაკლებად ვახერხებ პროდუქტის შეძენას, თუმცა მათთვის, ვინც არ მუშაობს, ალბათ, რთულია", - გვითხრა მყიდველმა ბესო ხუფაცარიამ.

ზუგდიდის ბაზარი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველაზე დიდი სავაჭრო ობიექტია, სადაც მყიდველები ოკუპირებული გალიდანაც მოდიან.
Print