ახალი ამბები
ზუგდიდში იმ ცენტრის გადატანას ითხოვენ, რომლითაც მეთადონის პროგრამის ბენეფიციარები სარგებლობენ
"ყველაფერი იწყება დილის 5 საათიდან. მოდიან მეტადონის პროგრამის ბენეფიციარები, არის ხმამაღალი საუბარი, ბილწსიტყვაობა, ჩხუბი, ცხვირ-პირის მტვრევა, ყვირილი ბოლო ხმაზე, ყველგან მიმოფანტული ინსულინის ნემსები და ერთჯერადი ჭიქები - წლებია, ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ", - ასე აღწერს ზუგდიდში გამარჯვების ქუჩის მაცხოვრებელი მისი და მეზობლების ყოველდღიურობას. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის ცენტრის განყოფილება მდებარეობს. ადგილობრივები ობიექტის ქალაქის ცენტრიდან  სხვა ლოკაციაზე გადატანას მოითხოვენ.

ამის მიზეზად მოსახლეობა აღნიშნულ ცენტრში მეთადონის ჩანაცვლებითი თერაპიით მოსარგებლეთა ქცევას და უსაფრთხოების ზომების დარღვევას ასახელებს. ქუჩის მცხოვრებლები პრობლემაზე, წლებია, საუბრობენ, თუმცა, როგორც თვითონვე ამბობენ, უშედეგოდ. მოქალაქეებმა რამდენიმე დღის წინ შესაბამისი წერილით ადგილობრივ ხელისუფლებასაც მიმართეს.

"გამთენიისას იწყება და დღის 2 საათამდე მაინც ასეა. შეწუხებულია კერძო სახლებში მცხოვრები მოსახლეობაც და მით უფრო კორპუსში მცხოვრები ადამიანები. იქიდან გამოსულებიც არსად მიდიან, აქვე სვამენ ყავას. სადარბაზოები, თხრილი, ყველაფერი ამოვსებულია ინსულინის შპრიცებით, ყავის ჭიქებით. არ დაგვიტოვებია არცერთი ინსტანცია: მერია, გუბერნია, საკრებულო...ზუგდიდში ადგილი ვერ იშოვეს, სადაც 2 ოთახს გამოუყოფენ? დააყენონ ტრანსპორტი და მიიყვანონ. ბავშვებს ქუჩაში ვერ უშვებენ. გასაგებია მათი უფლებები, მაგრამ ჩვენც ხომ ვარსებობთ?", - გვეუბნება ცენტრის სიახლოვეს მცხოვრები პირი, რომლის ვინაობასაც შეგნებულად არ ვწერთ.

კიდევ ერთი ადგილობრივი გვიყვება, რომ ნარკოდამოკიდებული პირები ხშირად სარგებლობენ ცენტრის მიმდებარე სადარბაზოებითა და ეზოებით, რის გამოც ბავშვები სახლიდან გასვლას ერიდებიან. მოქალაქე გვიყვება, რომ ამ ეტაპზე რამდენიმე ათეული ხელმოწერა შეგროვდა და ხელისუფლებისგან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ელოდებიან.

"ძალიან ბევრჯერ მივმართეთ, დაპირებები დაპირებად რჩება. მთელმა სამეზობლომ ათი დღის წინ განცხადებას მოვაწერეთ ხელი. ხომ შეიძლება ეს გადაიტანონ სადმე ქალაქგარეთ. გვეშინია, აგრესიულები არიან და ვერაფერსაც ვერ ვეუბნებით", - გვეუბნება რესპონდენტი.

ფსიქიკური ჯანრთელობის და ნარკომანიის ცენტრის ზუგდიდის განყოფილების თანამშრომელი, ექიმი ფსიქიატრ-ნარკოლოგი ნატალია აბულაძე მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ კი არ იქნება აღკვეთილი ნებისმიერი კანონდარღვევა, რომელზეც ადგილობრივები საუბრობენ, ლოკაციის შეცვლა ქმედით შედეგს ვერ გამოიღებს. ის შესაბამისი ინფრასტრუქტურის გამართვის საჭიროებაზე საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ საკითხის მიმართ კომპლექსური მიდგომაა საჭირო. სხვა შემთხვევაში, მისი აზრით, მსგავსი მიდგომა სტიგმატიზაციას შეუწყობს ხელს.

"თუ არ აღკვეთს პოლიცია კანონდარღვევას, რაც ხდება ქუჩაში, მიმდებარე ტერიტორიაზე, არ აქვს მნიშვნელობა, სად იქნება ეს ცენტრი. ის ინფრასტრუქტურა და ფართი, რაც საჭიროა, რა თქმა, უნდა არ აქვს ამ განყოფილებას. ჩვენ უმძიმეს მდგომარეობაში რომ ვმუშაობთ, არავის აინტერესებს. ყველა დამრღვევს, არის თუ არა პროგრამის მონაწილე, კანონის მიხედვით უნდა მოეპყროს შესაბამისი ორგანოები და მერე ყველა თავის თავს გაუფრთხილდება. ვიწრო კორიდორში რიგი რომ არის, იქაც ხდება ინციდენტები. ბავშვები ყველგან ცხოვრობენ, ამათი სტიგმატიზაცია და გარიყვა კი არა, რესოციალიზაციაა საჭირო, მაგრამ როცა ქუჩაში არღვევს წესრიგს, ამაზე პოლიციამ უნდა იზრუნოს. ტყეში ვერ გადაიტან პროგრამას და ვერ გადაიყვანენ ამ ადამიანებს. წესრიგის დამრღვევია 1000-დან 50 ბენეფიციარი, მაგრამ სხვები? მათზე ვინ ფიქრობს? აქ პაციენტები დადიან ჩხოროწყუდან, წალენჯიხიდან, სვანეთიდან, აფხაზეთიდან, მათ შორის ეთნიკურად აფხაზი პაციენტები. თვეში დაახლოებით 1 000 ადამიანი მოდის ჩვენთან", - ამბობს სპეციალისტი.

მეტადონის პროგრამის ქალაქიდან გარეუბანში გადატანის საკითხი რომ აქტიური განხილვის პროცესშია, ამას ზუგდიდის მერიაშიც ადასტურებენ და ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას მიღებისთანავე შეგვატყობინებენ.

რაც შეეხება ზუგდიდის საკრებულოს, მისმა თავმჯდომარემ მოქალაქეთა მხრიდან შემოსული კოლექტიური წერილის საპასუხოდ ჯანდაცვის სამინისტროს უკვე მიმართა.

"თხოვნა იყო, რომ იმ ლოკაციიდან გადატანილიყო აღნიშნული პროგრამით მომსახურება. ბუნებრივია, ჩვენც მივმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს წერილით, შუამდგომლობით, რომ გაითვალისწინონ მოსახლეობის ეს თხოვნა და ჩვენი პოზიციაც იყო, რომ ეს კონკრეტული ლოკაცია იყოს ქალაქგარეთ გატანილი და აღარ იყოს ქალაქის ცენტრში", - გვითხრა გიგა ფარულავამ.

მისი ინფორმაციით, ჯანდაცვის უწყებას წერილი, დაახლოებით, 1 კვირის წინ გაუგზავნეს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რადიო "ათინათი" დაუკავშირდა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს  და უწყების კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი 2012 წლიდან ფუნქციონირებს. ცენტრი "ნარკომანიისა" და "ფსიქიატრიის" სახელმწიფო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებაა. ცენტრში ფუნქციონირებს მეთადონითა და სუბოქსონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამები, რომლის ფარგლებშიც, 5000-ზე მეტი ბენეფიციარი იღებს შესაბამის მკურნალობას, ცენტრის ყველა ფილიალის მასშტაბით.
Print