სტატია
ფერმერების პრობლემები და მოლოდინები - თხილის მოსავალი სამეგრელოში
აზიური ფაროსანა, სოკოვანი დაავადებები, უამინდობა - ეს ის ბუნებრივი მოცემულობაა, რომელთანაც გამკლავება მეთხილე ფერმერებს უწევთ. მათი ნაწილი შესაბამის წამლობასა და პროცედურებს თხილის ბაღებში მეტ-ნაკლებად ახერხებს, თუმცა, როგორც ისინი გვიყვებიან, შარშანდელთან შედარებით, ხარჯი მომატებულია. საუბარია როგორც უშუალოდ პრეპარატებზე, ასევე, საწვავსა და მუშახელზე.

დათა ყუფუნია, წლებია, თხილის მოსავალს იღებს და ყოველ წელს შრომობს, რომ მის თხილს ხარისხი და შესაბამისად, ფასი ჰქონდეს. ამბობს, რომ სიტუაცია ყოველ წელს უარესდება. მიიჩნევს, რომ სახელმწიფოსგან მეტი ხელშეწყობა და ყურადღებაა საჭირო. წელს ყუფუნიებმა 5 ჰა-იან თხილის ბაღში წამლობა 4-ჯერ ჩაატარეს, თუმცა შედეგით კმაყოფილები მაინც არ არიან.

"4 წამლობა ჩავატარეთ, დავამუშავეთ ფაროსანაზე, სიდამპლეზე, ასევე სპილენძის ხსნარით გაზაფხულის თვეებში და ივნისის ბოლოსაც. ხარჯი დიდი გვაქვს, ფასებიც მეტ-ნაკლებად მომატებულია, მით უმეტეს, საწვავზე, მუშა ხელი უფროა გაძვირებული, რაც ერთიანობაში ამ სფეროს აწვება. მოთიბვა ჩავატარე, ბალახი ჰერბიციდით დავამუშავეთ, რაზეც ძალიან არის მომატებული ფასი. მოსავლიანობას რომ ვანგარიშობთ, სულ არაფერი რომ არ გამეკეთებინა, არც არაფერი დაეტყობოდა ჩემს მოსავალს, არ ვარ კმაყოფილი ამ წამლობებით. კონსულტაციებს გავდიოდით ჩვეულებრივად, მაგრამ, ეტყობა, მეტი წამლობაა საჭირო, მეტი პრევენციაა საჭირო. 6-8 ჯერ თუ ჩავატარებთ სამუშაოებს, ეს ბიზნესი ამას ვერ გაუძლებს. რადგან რაღაცას რაღაცას რომ ვაკეთებთ, იმისთვის ვშრომობთ, რომ რაღაც მოგება დაგვრჩეს, ხომ ასეა? ოთხჯერ რომ ჩავატარე წამლობა, ჩემი მოგება უკვე გადავიდა მინუსებზე. გამოდის, რომ მეორე იმდენი წამლობა თუ არ ჩავატარე, შედეგი არ აქვს", - ამბობს დათა ყუფუნია.

მისი თქმით, ძნელი და თითქმის შეუძლებელია, რომ გლეხმა, რომელსაც საკუთარ ბაღში მოსავალი თავისივე ხარჯებით მოჰყავს, ფასის მომატების მოლოდინში თხილი გააშროს და შეინახოს, რადგან ეს დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. ფერმერი არ გამორიცხავს, რომ მომავალში თხილის მოჭრის გადაწყვეტილებაც მიიღოს.

სწორედ დალოდებას და თხილის გაშრობას ურჩევენ მეთხილე ფერმერთა კავშირში მეთხილებს. რადიო "ათინათი" ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორს ოთარ შეროზიას ესაუბრა, რომელიც განმარტავს, რომ თხილის ფასი საქართველოში არ წყდება და დასძენს, რომ თურქულ თხილთან შედარებით, ქართული თხილის ხარისხი საგრძნობლად გაუარესებულია. სხვადასხვა ფაქტორთან ერთად კი ამის მთავარი მიზეზი ფაროსანაა. შეროზია ამბობს, რომ წელს მეთხილეებისთვის სახარბიელო სეზონი არ იქნება.

"სავარაუდოდ, მეთხილეებისთვის იქნება ცუდი წელი გამომდინარე იქიდან, რომ ყველა იმ ხარჯვით კომპონენტზე, რომელიც საჭიროა თხილის მოსაყვანად, ეს იქნება სასუქი, შხამ-ქიმიკატები, საწვავი, სათადარიგო ნაწილები ტექნიკისთვის - ფასი მომატებულია. ყველაფერია არის გაძვირებული 50/60 %-ით დოლარში. მეორეს მხრივ, რომ გადავხედოთ სიტუაციას ბაზარზე, არის ის, რომ თხილის ხარჯვითი ნაწილი ვერ ისახება სათანადოდ თხილის ღირებულებაში. საქართველოში თხილის ფასი არ წყდება ეს მითია, ბევრს ჰგონია რომ ორი ადამიანი დადგება და საქართველოში თხილის ფასს დაადგენს, ეს ასე არ ხდება, 30 კომპანიაზე მეტი ექსპორტიორი არის და შესაბამისად, ახლა ყველამ ერთად მოილაპარაკოს, ნაკლებად სავარაუდოა. ქართული თხილის ხარისხი არის ცუდი თურქულთან შედარებით, მასიურად რომ შევადაროთ თხილის გულის ხარისხი თურქული გულის ხარისხს, საკმაოდ დიდი ჩამორჩენაა", - თქვა შეროზიამ.

ის მომდევნო თვეებში თხილის ფასის მომატებას ვარაუდობს.

"მე ვურჩევ ყველა ფერმერს, რომ თუ აქვს იმის საშუალება, შეინახოს თავისი თხილი, გააშროს და ხარისხიანად დაასაწყობოს. ახლა 2-დან 2.50 ლარამდე თხილს კერძო პირები იბარებენ და არა ქარხნები. მხოლოდ იმიტომ, რომ თხილის გულის ფასი გვაქვს დოლარში, კურსის სხვაობის გამო გვაქვს დიდი განსხვავება შარშანდელთან შედარებით. კურსი როგორი იქნება, არ ვიცით, თურქეთში თხილის მოსავალი რეალურად რამდენი იქნება, არ ვიცით, შარშან, მაგალითად ძალიან ბევრი თხილის მოსავალი ფართობებში დარჩა, ხალხმა ვერ აიღო მოსავალი ცუდი ამინდების გამო. 5 ლარზე ზემოთ იქნება ხარისხიანი თხილის ფასი, 7 ლარსაც შეიძლება გადასცდეს, შეიძლება, 8 ლარიც იყოს. თხილის ფასი, დაახლოებით, მომატებას დაიწყებს ოქტომბრის შემდეგ. ნოემბრის თვეში უნდა ველოდოთ კომერციული ფასის ჩამოყალიბებას", - გვითხრა ოთარ შეროზიამ.

დაახლოებით, ამავე პროგნოზს აკეთებს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორი გიორგი თოდუა. ის ამბობს, რომ მათ მიერ მოწყობილ საშრობებში სპეციალური ტექნიკა სათანადოდ შრობას უზრუნველყოფს და მეთხილეებს მოსავლის გაშრობას და დალოდებას ურჩევს.

"ხარისხის განსაზღვრა ხდება შრობის შემდეგ, მერე უკვე ვიცით ტენიანობა რამდენია, გამოსავლიანობა რამდენია და მერე დგინდება ფასი, ლოგიკურად ასეა. წლებია, ქუჩაში არასტანდარტულად ყიდიან თხილს, რაც არ არის კარგი, ჯობია ქარხანაში მივიდნენ და იქ გაყიდონ, მაგრამ ახლა, რადგან სველი თხილია და პირველი დღეებია, ქარხნები ამას არ ყიდულობენ და საშრობებსაც არ დაუწყიათ ყიდვა, მხოლოდ გადამყიდველები, ქუჩა ყიდულობს.

რაც შეეხება ფასებს, ხარისხის მიხედვით ფასები იქნება სხვადასხვა, შეიძლება ღირდეს 5, 6, 7 და 8 ლარი. ეს გამოჩნდება შრობის შემდეგ. მე 100%-ით თავდებად ვერ დავდგები, მსოფლიო ბაზარზე რა მოხდება, ამაზე თავისთავად მოქმედებს ვალუტის გამყარება ლართან მიმართებაში. ჩვენ რჩევაა გავაშროთ თხილი საშრობში, მარტო ზუგდიდში არის აქტიური სამი საშრობი. შეუძლიათ საშრობებს მიმართონ, ჩვენი ასოციაციის წევრი იქნება თუ არა.
გარდა ამისა, ვისაც მოსავალი არ აუღია და 10 დღეში აპირებს აღებას, ვურჩევთ რომ კიდევ შეწამლონ მოსავლის აღებამდე, ფაროსანამ რომ არ დააზიანოს. უამინდობის მიუხედავად, წამლობები მაინც შედგა და ამ შემთხვევაში თხილის ხარისხის არის მაღალი", - დასძენს გიორგი თოდუა.

ამ დროისთვის სამეგრელოში გაუტეხავი თხილის ფასი 2 ლარიდან მაქსიმუმ 4 ლარამდე მერყეობს, რაც წინა წლის მაჩვენებელს ჩამორჩება. ფერმერები კი, რომელთა უმეტესობისთვის თხილი შემოსავლის ძირითადი წყაროა, საკუთარი შრომის შედეგის მიღების მოლოდინში არიან.


ამავე თემაზე:

რა დაუჯდებათ მეთხილეებს სამეგრელოში მუშახელის დაქირავება - მომატებული ფასები და უკმაყოფილო გლეხები
Print