სტატია
"ქართულო ოცნების" უმრავლესობა სენაკის საკრებულოში და "საია"-ს დავა მთავრობის წინააღმდეგ
არასამთავრობო ორგანიზაცია „საია“ სასამართლოში დავას ამჯერად ამჯერად საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ აწარმოებს. ორგანიზაციის იურისტები ხელისუფლებისგან შესაბამისი დადგენილების გამოტანას მოითხოვენ, რომელიც სენაკის საკრებულოს დაშლასა და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას გადაწყვეტს. „საია“- ში ამბობენ,რომ რადგან სენაკის საკრებულო ბოლო 6 თვის განმავლობაში არ შეკრებილა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება აუცილებელია და ამის კანონიერი საფუძველი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 142-ე მუხლით არის გარანტირებული.

„ველოდებით სასამართლოს, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, ვალდებულია თუ არა სახელმწიფო გამოსცეს დადგენილება,რომლის მიხედვითაც სენაკის საკრებულის ამჟამინდელი შემადგენლობა ბათილად გამოცხადდება...“ - ამბობს „საია“-ს იურისტი თამთა წვერაიძე.

2021 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით სენაკის საკრებულოში „ქართული ოცნების“ 16 წევრი შევიდა,13 მანდატი ეკუთვნოდა პარტია „ნაციონალურ მოძრობას“, 4 მანდატი კი გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ მიიღო.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სენაკის საკრებულოში ერთი წევრის ჩასანაცვლებლად არჩევნები მას შემდეგ ჩანიშნა, რაც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთმა წევრმა დატოვა, შესაბამისად, საკრებულოში ოპოზიციის და ხელისუფლების ძალები გათანაბრდა და ორივე მხარეს 16-16 მანდატი დარჩა. შუალედური არჩევნების შედეგებით კი მმართველ პარტიას საკრებულოში ერთი ახალი წევრი დაემატა. გამოდის, რომ „ქართულ ოცნებას“ დღეს სენაკის საკრებულოში უმრავლესობა ანუ 17 მანდატი აქვს. საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები სასამართლოს მიერი მიღებულ ბოლო გადაწყვეტილებაში ხელისუფლების ინტერესებს ხედავენ.
„ქართულმა ოცნებამ“ ჯერ ჩვენი წარმომადგენელი მოისყიდა,რადგან მანდატები გათანაბრებულიყო, სასამართლოს გადაწყვეტილება კი ხელისუფლების ინტერესებს ემსახურება“, - ამბობს რადიო "ათინათთან“ ინტერვიუში "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლაშა კუჭავა და დასძენს, რომ ოპოზიციური პარტია ბრძოლას საკრებულოდან განაგრძობს.

სასამართლოს პირველებმა სენაკის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მიმართეს, ისინი სენაკის რაიონულ სასამრთლოს თხოვდნენ, რომ გაეუქმებინა 9 თებერვლიდან 21 თებერვლის ჩათვლით მიღებული ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის, თავმჯდომარის უფლებამოსილება შეეწყვიტა პარტია „საქართველოსთვის“ წევრს ირაკლი კაჭარავასთვის. სასამართლომ ამჯერად სარჩელი დააკმაყოფილა.

„სასამართლო სისტემამ ყველა დონეზე ის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ აწყობდა, ვგულისხმობ სენაკის სასამრთლოს პირველ გადაწყვეტილებას და შემდგომ საიას სარჩელსაც.ბოიკოტის რეჟიმი განიხილებოდა, თუმცა საკრებულოში მუშაობას ჩვეულებრივად გავაგრძელებთ. არალეგიტიმურად მიგვაჩნია ახალი არჩევნებიც,რომლითაც საკრებულოს თავმჯომარე უნდა აირჩეს“, - ამბობს საკრებულოს ყოფილი თავმჯომარე ირაკლი კაჭარავა.

„ქართული ოცნების“ გუნდის წევრები კი უარყოფენ ყველა წაყენებულ ბრალდებას, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მოსყიდვის შესახებ.

„თვითონ ჩადიოდნენ უკანონობას და ჩვენ ამაში მხარს ვერ დავუჭერდით. მსოფლიოს არ ახსოვს მსგავსი ანალოგი. მოსყიდვა თავიანი ხელისუფლების მხარეს მოიკითხონ“, - გვეუბნება მმართველი პარტიის წევრი ინგა ქარდავა.

სენაკის საკრებულოში თავმჯომარის სავარძელი ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებიდან ერთი წლის თავზე კვლავ თავისუფალია. დეპუტატებმა უახლოეს კვირებში უნდა იმსჯელონ თავმჯდომარის არჩევნების თარიღის ჩანიშვნასთან დაკავშირებით.






Print