სტატია
ხვალ სენაკის საკრებულოში „ქართული ოცნება“ თავმჯდომარეს ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე აირჩევს

ბოიკოტი, დავა სასამართლოში, შუალედური არჩევნები - ეს გზა გაიარა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „ქართულმა ოცნებამ“ მანამ, სანამ უმცირესობიდან უმრავლესობაში გადავიდოდა.


ახლა მმართველ გუნდს სენაკის წარმომადგენლობით ორგანოში 16-ის ნაცვლად 17 დეპუტატი წარმოადგენს, ოპოზიციას კი 16 წევრი ჰყავს.

12 მანდატით დარჩა „ნაციონალური მოძრაობა“ სენაკში მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის გაზაფხულზე პარტიის ერთ-ერთმა წევრმა და თეკლათი-ჭალადიდის მაჟორიტარმა საკრებულოც და პარტიაც დატოვა. სწორედ ამ მიზეზით დაინიშნა ამავე თემში შუალედური არჩევნები, რომელშიც ოპოზიციონერი კონკურენტის გარეშე დარჩენილმა მმართველი პარტიის კანდიდატმა გაიმარჯვა. შედეგად, წარმომადგენლობით ორგანოში პოლიტიკური სურათი სრულად შეიცვალა.

თუ თვეების განმავლობაში ბოიკოტის რეჟიმში „ქართული ოცნება“ იყო და არც საკრებულოს თავმჯდომარისა და არც სხვა პოლიტიკური თანამდებობის არჩევის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, ახლა ამ პროცესებში ჩართვას არც ენმ აპირებს და არც გახარიას პარტია „საქართველოსთვის“.

ირაკლი კაჭარავა, რომელიც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა თავმჯდომარედ თებერვალში აირჩიეს, ამბობს, რომ ხვალ დანიშნულ სხდომას ის და მისი სამი თანაპარტიელი ფორმალურად, პოლიტიკური განცხადების გასაკეთებლად დაესწრება, თუმცა შემდეგ მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისას პროცესებში მონაწილეობას მიიღებს.

„თუ მივედით, მხოლოდ განცხადების გასაკეთებლად მივალთ, რადგან ის პროცესი, რაც ახლა მიმდინარეობს, არალეგიტიმურია. ყველამ ვიცით, რომ ყველა პოლიტიკურ თანამდებობას „ქართული ოცნება“ დაიკავებს მაშინ, როცა მმართველი გუნდი სენაკში რეალურად ოპოზიციაშია გადასული და ხალხის მხარდაჭერა არ აქვს. ჩვენ მხოლოდ საკრებულოს მუშაობის იმ ნაწილში მივიღებთ მონაწილეობას, რაც მის რეალური ფუნქციაა, მოსახლეობისთვის საჭირო საკითხების გადაწყვეტა“, - უთხრა რადიო „ათინათს“ კაჭარავამ.

მეორე ოპოზიციური ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლაშა კუჭავა კი გვეუბნება, რომ მათი საკრებულოს ფუნქციონირებაში მონაწილეობა მხოლოდ ამომრჩევლებზეა დამოკიდებული. ამ ეტაპზე კი, მათმა მხარდამჭერებმა სხდომებზე შესვლა სთხოვეს. ლაშა კუჭავა განმარტავს, რომ ისინი თანამდებობის არჩევისთვის კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ.


„სენაკის საკრებულო ამ მოცემულობით არის არალეგიტიმური, დარღვეულია ყველანაირი ვადა, უმრავლესობა კი მიღებულია ზეწოლის შედეგად. ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს მანდატს და საკრებულოში ვიმუშავებთ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. მათ სურთ, რომ „ქართული ოცნება“ არ დავტოვოთ საკუთარ თავთან მარტო“, - გვითხრა ლაშა კუჭავამ.

ოპოზოციონერი დეეპუტატების განცხადებებიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ პოლიტიკური თანამდებობების პირების, მათ შორის, საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის პროცესებში მმართველი პარტია უკონკურენტოდ რჩება. „ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, რომ ეს მათი ოპონენტების გადაწყვეტილებაა და მათ ამ „უფლებას ვერ შეუზღუდავენ“.

„ეს მათი გადაწყვეტილებაა და ჩვენ ვერ ჩავერევით, ვერ შევუზღუდავთ მათ ამ უფლებას, თუმცა, კარგი იქნება, მიიღონ ამ პროცესებში მონაწილეობა. პოლიტიკური სამართლიანობის საკითხი კი სასამართლომ გადაწყვიტა და მათ მიერ საკრებულოში გამოტანილი ყველა გადაწყვეტილება გააბათილა, რადგან თავად ჩადიოდნენ უკანონობებს“, - თქვა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ინგა ქარდავამ.

პოლიტიკური და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მხრივ სამართლიანობაზე ამ დრომდე დაობს საია. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მთავრობას თბილისის საქალაქო სასამართლოში ედავება, რათა, როგორც ასოციაციის იურისტები ირწმუნებიან, 6 თვის განმავლობაში არშეკრებილი საკრებულო არალეგიტიმურია და შესაბამისად, არალეგიტიმურად უნდა გამოცხადდეს წარმომდგენლობით ორგანოს ამჟამინდელი შემადგენლობაც.

ეს ერთადერთი დავა არ არის, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში სენაკის საკრებულოს გარშემო ვითარდებოდა. საია-მ ცესკოს გადაწყვეტილებაც გაასაჩივრა შუალედური არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით, თუმცა ორივე ინსტანციამ გადაწყვიტა, რომ სრულიად უსაფუძვლოდ. სამაგიეროდ, სენაკის რაიონულმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა „ქართული ოცნების“ სარჩელი და საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის, გიორგი გახარიას პარტიის წევრის უფლებამოსილების ცნობისა და კომისიების არჩევის შესახებ განკარგულებები გააუქმა. ახლა ეს პროცესი სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება. 

ფაქტი კი ერთია - სენაკის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს სრულყოფილი ფუნქციონირება ადგილობრივების საჭიროებების და მათი პრობლემების გადასაწყვეტად არჩევნებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგაც არ დაუწყია.

ამავე თემაზე:

"ქართულო ოცნების" უმრავლესობა სენაკის საკრებულოში და "საია"-ს დავა მთავრობის წინააღმდეგ



 

Print