სტატია
ჩვენს სახლში ომი არასდროს დამთავრებულა - უკრაინაში დაღუპული აფხაზეთელი მებრძოლების ოჯახები ცხედრების მოლოდინში
უკრაინაში დაღუპული ქართველი სამხედროების ოჯახის წევრები ცხედრების მოლოდინში არიან, თუმცა, ჯერჯერობით, მათ გამოსვენებას თანამებრძოლები ვერ ახერხებენ. როგორც ოჯახის წევრები ჟურნალისტებთან ამბობენ, ახლა მათი სურვილია, რომ დასატირებლად ცხედრები ჰქონდეთ.

3 დეკემბერს დაღუპული ხუთი მეომრიდან ოთხი აფხაზეთიდან დევნილია. 41 წლის ავთო რურუა, რომელიც დევნილობის შემდეგ ზუგდიდში ცხოვრობდა, ომში, დაახლოებით, ერთი თვის წინ ჩაერთო. მონაწილეობდა აფხაზეთისა და აგვისტოს ომებშიც.

ბოლოს მეუღლეს 3 დეკემბერს გამთენიისას გაუგზავნა ხმოვანი შეტყობინება და უთხრა, რომ ძალიან უყვარს, საბრძოლველად გადის და როგორც კი მოახერხებს, დაუკავშირდება. ეს მასთან ბოლო კავშირი აღმოჩნდა.
"ჩემი ძმები იქ იბრძვიან და ვჭირდებიო, მითხრა, დაახლოებით, თვენახევრის წინ და წავიდა. მებრძოლი ხასიათის იყო. აფხაზეთის ომის დროს სულ პატარა იყო, მაგრამ როგორც შეეძლო, ისე იბრძოდა. აგვისტოს ომშიც მონაწილეობდა. ასე ამბობდა, ჩემი შვილების მომავლისთვის ვიბრძვიო, ეუბნებოდა ყველას", - ჰყვება ავთო რურუას ცოლი ელმირა კვარაცხელია.

დევნილობის შემდეგ ჩხოროწყუში დასახლდა 55 წლის რომეო ფიჩხაია. სოხუმიდან დევნილი მეომარი უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან წავიდა. მისი და ამბობს, რომ მათ სახლში ომი არასდროს შეჩერებულა.
"90-იან წლებში პირველი ტყვიის გასროლის შემდეგ ქვეყნის სადარაჯოზეა, სამჯერ დაიჭრა აფხაზეთის ომში... ახლა ამბობდა, ბავშვები იხოცებიან და მე რა გამაჩერებს, გამოცდილება მაქვს და დავეხმარებიო... ჩვენს სახლში ომი არ დამთავრებულა, დღემდე ომის ქარცეცხელში ვართ და ახლა ცხედარიც სანატრელია", - დასტირის ძმის ფოტოებსა და ტანსაცმელს ჯულიეტა კვარაცხელია.


ორივე შვილი რუსეთის აგრესიასა და თავდასახმას შესწირა როლანდ კვარაცხელიამ. პირველი შვილი აფხაზეთის ომში დაეღუპა. მისი სეხნია, 49 წლის წლის როლანდი კი თანამებრძოლებთან ერთად ოკუპანტებს უკრაინაში ემსხვერპლა.

როლიკოც აფხაზეთის ომის მონაწილეა. მისი  ოჯახი ახლა ფოთში ცხოვრობს. 
"ორი შვილი მყავდა და ორივე ომში მომიკვდა. ომის შუა პერიოდში იყო ჩამოსული და რომ მიდიოდა, მითხრა, სხვაგან მივდივარ, უკრაინაში არაო. ისევ წავიდა... ველოდებით ინფორმაციებს. ერთი შვილის საფლავზე, წლებია, ვერ ჩავდივარ, რადგან აფხაზეთშია....", - ამბობს დაღუპული მებრძოლების მამა. 


მათთან ერთად 3 დეკემბერს ბახმუტთან, რუსების სარაკეტო თავდასხმას ემსხვერპლა ოჩამჩირელი ბადრი მარკელია და კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი მერაბ ალადაშვილი.  ახლა მათი თანამებრძოლები დაღუპული გმირების ცხედრების გამოსვენებას ცდილობენ. 

სულ ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის აგრესიას უკრაინაში 33 ქართველი მეომარი შეეწირა.



Print