სტატია
ვინ არიან სამეგრელოში ენმ-ს რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეობის კანდიდატები
პარტია "ნაციონალურ მოძრაობაში" რაიონული ორგანიზაციის ახალი თავმჯდომარეების არჩევნებისთვის ემზადებიან. კანდიდატების რეგისტრაცია 9 მაისს დასრულდა.

ჩხოროწყუს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი მოქმედი ხელმძღვანელი რამაზ გულუა იქნება. მისი თქმით, პარტიის ხელმძღვანელობას არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება რომ არ მიეღო, არაფერი შეიცვლებოდა, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობას აპირებს და ჩხოროწყუში ერთადერთი კანდიდატია.

"ჩხოროწყუში მე ვიყრი კენჭს რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობის კანდიდატად. ყველა თავისებურად აფასებს, თუმცა არჩევნები რომც არ ჩატარებულიყო არაფერი შეიცვლებოდა.  პარტიის ხელმძღვანელობამ მიიღო ეს გადაწყვეტილება და მეც ჩვეულებრივად ვმონაწილეობ, წლებია, "ნაციონალურ მოძრაობაში" ვარ 2002 წლიდან,"- უთხრა რამაზ გულუამ რადიო "ათინათს".

სენაკის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობის კანდიდატიც მოქმედი ხელმძღვანელი და საკრებულოს წევრი ლაშა კუჭავაა. მისი თქმით, შიდა არჩევნები საჭირო და დროულია.

"მე დავრეგისტრირდი კანდიდატად სენაკის რაიონული ორგანიზაციაში. არჩევნები ყოველთვის მნიშვნელოვანი და საჭიროა, მით უმეტეს პარტიის შიგნით. ეს აჩვენებს, რომ პარტია ცოცხალი ორგანიზმია,"- გვითხრა სენაკის რეგიონული ორგანიზაციის მოქმედმა თავმჯდომარემ ლაშა კუჭავამ.

მარტვილის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის ზაალ გოროზია იბრძოლებს.

"უკვე გავიარე რეგისტრაცია რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის არჩევნებისთვის. ეს გადაწყვეტილება პარტიამ მიიღო და ალბათ ასე იყო საჭირო,"- უთხრა რადიო "ათინათს" ზაალ გოროზიამ.

ფოთის რაიონული ორგანიზაციის მოქმედი თავმჯდომარე დარეჯან ცქვიტარიაა. ის დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს. საკუთარი კანდიდატურა უკვე დაარეგისტრირა დავით ხომერიკმა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ფოთის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა მიიღეს.

"ჩემი კანდიდატურა დააყენა ჩვენმა გუნდმა. სხვა კანდიდატი ფოთში როგორც ვიცი არ არის. არჩევნები ჩვეულებრივი პროცესია პარტიისთვის და ამ ფაქტის ზედმეტი დრამატიზება არ არის საჭირო, მითუმეტეს, რომ ყველას შეეძლო მონაწილეობის მიღება,"- გვითხრა დათო ხომერიკმა.

სამეგრელოს ერთადერთი მუნიციპალიტეტი, სადაც პარტია "ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის ორი კანდიდატი იბრძოლებს, წალენჯიხაა. ერთ-ერთი კანდიდატი წალენჯიხის ყოფილი გამგებელი მამუკა ქარდავაა. ის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრს ხელმძღვანელობს. მისი კონკურენტი კი საკრებულოს წევრი, ქალაქ ჯვარის მაჟორიტარი დეპუტატი ბაჩანა ქანთარიაა. ორივე მათგანი ფიქრობს, რომ არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება დროული იყო.

"მე 2021 წლიდან ვარ ქალაქ ჯვარის მაჟორიტარი დეპუტატი წალენჯიხის საკრებულოში. არჩევნები ზოგადად რა საკითხსაც არ უნდა ეხებოდეს, ეს პირდაპირი დემოკრატიის საუკეთესო მეთოდია, არჩევნებზე უკეთესი ჯერ არაფერი მოუფიქრებია ადამიანს. პარტიამ ხალხს რომ ჰკითხოს რას ფიქრობს, ამაში ცუდი არაფერი არ არის,"- უთხრა რადიო "ათინათს" წალენჯიხის საკრებულოს წევრმა ბაჩანა ქანთარიამ.

"მე 2008 - 12 წლებში ვიყავი რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, 2004 წლიდან ამ გუნდის წევრი ვარ და ამიტომ მივიღე კენჭისყრაში მონაწილეობის გადაწყვეტილება. არჩევნები და განახლება ყოველთვის საჭიროა. მე ვფიქრობ, რომ საჭირო იყო ამ გადაწყვეტილების მიღება,"- გვითხრა მამუკა ქარდავამ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობას" წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ავთანდილ გაბელიამ თანამდებობა გუშინ დატოვა. მასთან ერთად შიდაპარტიულ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ წალენჯიხის საკრებულოში ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები. 

ენმ-ს ხობის ორგანიზაციის თავმჯდომარის არჩევნებზე ცოტნე ვართაგავა დარეგისტრირდა. ის პარტიის წევრი 2013 წლიდან არის. ვართაგავამ რადიო "ათინათს" უთხრა, რომ არჩევნები 2017 წელსაც უნდა ჩატარებულიყო. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ხობიდან არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი მონაწილეობს.

2013 წლიდან ვარ პარტიის წევრი, თუმცა ადრეც ვიყავი სხვადასხვა თანამდებობაზე. არჩევნები, ჩემი აზრით, 2017 წელსაც უნდა ჩატარებულიყო, თუმცა მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ეს გადაწყვეტილება არ მიიღო. რახან ახლა მომეცა საშუალება, რომ მიმეღო არჩევნებში მონაწილეობა, გადავწყვიტე გამომეყენებინა ეს შანსი. სამწუხაროა, რომ ოპონირებას არავინ არ მიწევს,"- გვითხრა ცოტნე ვართაგავამ.

ხობის ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე პარტიის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ია ჯიშკარიანის აზრით, ეს გადაწყვეტილება პარტიის ინტერესებს აზიანებს - "პარტიას გაძლიერების სახელით ასუსტებენ, ერთობის სახელით ხლეჩენ და დემოკრატიის სახელით, ჩრდილოვანი მართვის ქვეშ აქცევენ"- წერს ჯიშკარიანი. მან კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, თუმცა პარტიის დატოვებას არ აპირებს.

რადიო „ათინათის“ ინფორმაციით, აბაშის რაიონული ოფისის თავმჯდომარეობის კანდიდატად კენჭს დავით დარცმელიძე იყრის. ჩვენ მასთან დაკავშირება არაერთხელ ვცადეთ, თუმცა ჩვენს ზარებს არ უპასუხა. 

რაც შეეხება ზუგდიდს, რადიო „ათინათი“ ამ ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.


პარტია "ნაციონალურ მოძრაობაში" რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეების არჩევნების გადაწყვეტილება 4 მაისს მიიღეს. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, საარჩევნო პროცესი 20 მაისამდე დასრულდება.

Print