ახალი ამბები
ყოფილი პრემიერის საკნიდან გამოყვანის თაობაზე გამოძიება დაიწყო
ვანო მერაბიშვილის საპყრობილედან გაყვანის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე ცალკეულ საჯარო მოხელეთა სამსახურეობრივი უფლებების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილთან მიმართებაში დაირღვა კონვენციის მე-18 მუხლი (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) მე-5 მუხლის პარაგრაფ 1-თან ერთობლიობაში, იმ ფაქტის საფუძველზე, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა გამოყენებული იქნა პროკურატურის მიერ როგორც შესაძლებლობა, მოეპოვა ბერკეტები ამ საქმესთან დაუკავშირებელი გამოძიებისთვის, კერძოდ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე, ასევე საქართველოს ექს-პრეზიდენტის ფინანსური საქმიანობის გამოსაძიებლად.


Print