ახალი ამბები
დიპლომატებმა თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული რეფორმები დადებითად შეფასეს
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საქართველოში აკრედიტებულ ნატო-სა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატებს უმასპინძლა. შეხვედრაზე იზორიამ ელჩებსა და თავდაცვის ატაშეებს სამინისტროში ბოლო ექვსი თვის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

მინისტრის განცხადებით, რეფორმების მიზანი, ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, ნატოსთან თავსებადი, თავდაცვის უნარიანი შეიარაღებული ძალების შექმნა და სრულყოფაა, რაც უწყებაში ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვის, ბიუროკრატიული აპარატის შემცირების, დუბლირებული ფუნქციების აღმოფხვრის და უფუნქციო საშტატო ერთეულების გაუქმების გზით უნდა განხორციელდეს.

დიპლომატებმა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებთან გამართული შეხვედრა დადებითად შეაფასეს, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაში მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატეს და თავდაცვის სფეროში ინტენსიური თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვეს.

Print