ახალი ამბები
პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი გარდაიცვალა
ქართველი პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კლინიკაში მკურნალობდა. ჯანსუღ ჩარკვიანმა პირველი ლექსი 1947 წელს გამოქვეყნა. 1959 წელს გამოვიდა მისი პირველი წიგნი „ერთი ღამის სიჩუმეში”. ასევე, გამოცემული აქვს წიგნები სხვადასხვა დროს, მათ შორისაა პუბლიცისტური წიგნი „თავისუფლება ლომთა ხვედრია”. 1991-1993 წლებში გამოიცა მისი თხზულებათა ორტომეული. პოეტის ლექსები თარგმნილია მრავალ ენაზე. სხვადასხვა დროს იყო „ცისკრის“ პასუხისმგებელი მდივანი და მთავარი რედაქტორი, ასევე, „დილასა“ და „დროშას“ მთავარი რედაქტორი, ჯანსუღ ჩარკვიანი იყო მწერალთა კავშირის გამგეობის პრეზიდიუმის წევრი, საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოს” დირექტორი, საზოგადოება „თბილისელის” პრეზიდენტი.

იყო სხვადასხვა ლიტერატურული ჯილდოს მფლობელი, მათ შორის, გალაკტიონ ტაბიძის, შალვა დადიანისა და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის. არის ღირსების ორდენის კავალერი და თბილისის საპატიო მოქალაქე. 1995 და 1999 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი.

Print