ახალი ამბები
საქართველოში მარიხუანას მოხმარება დეკრიმინალიზებულია
საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოში მარიხუანას მოხმარება დეკრიმინალიზებულია. სასამართლომ დააკმაყოფილა „გირჩის“ სარჩელი, რომელშიც მოქალაქე გივი შანიძე მარიხუანას განმეორებითი მოხმარებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის სრულად გაუქმებას ითხოვდა.

"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ პირის უფლება თავად შეარჩიოს განტვირთვის მისთვის სასურველი სახე და განახორციელოს შესაბამისი აქტივობა, მათ შორის, მოიხმაროს მარიხუანა, წარმოადგენს პიროვნების პირადი ავტონომიით დაცულ სფეროს. ამასთან, ვინაიდან მარიხუანის მოხმარებით ადამიანის ჯანმრთელობას შეიძლება მიადგეს გარკვეული ზიანი, სასამართლომ აღნიშნული უფლების შეზღუდვა დასაშვებად მიიჩნია ისეთი ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, როგორებიცაა მაგალითად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა და სხვა", - აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.

სარჩელი სასამართლოში 2016 წლის 4 მარტს შევიდა.

Print