ახალი ამბები
რძის პროდუქტების მწარმოებელ 11 ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერდა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გასულ წელს რძის პროდუქტების მწარმოებელ, გადამამუშავებელ და რეალიზატორ ბიზნესოპერატორებთან 424 სახელმწიფო კონტროლი განახორციელა, მათ შორის 373 ინსპექტირება და 51 დოკუმენტური შემოწმება. ინფორმაციას ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სეს-ის ცნობით, გამოვლენილი დარღვევების გამო დაჯარიმდა 56 ბიზნესოპერატორი, მათგან 11-ს, კრიტიკული შეუსაბამობების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

საწარმოების სანიტარულ მდგომარეობასთან ერთად, შემოწმდა პროდუქციის შესაბამისობა რძის ტექნიკურ რეგლამენტთან, რის შედეგადაც ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის 24 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა.

რძესა და რძის ნაწარმში მცენარეული ცხიმის შემცველობაზე, Listeria monocytogenes-ისა და  სალმონელაზე აღებული ნიმუშების კვლევის შედეგად დარღვევები არ გამოვლენილა.

"რძის ტექნიკური რეგლამენტი 2015 წლის აგვისტოში ამოქმედდა, 2017 წლის 1 ივლისს კი ძალაში შევიდა მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, დასახელება „ყველი“ შეიძლება ეწოდოს მხოლოდ რძისგან დამზადებულ პროდუქტს. სხვა შემთხვევაში, მაგ.: რძის ფხვნილის გამოყენებისას ეტიკეტზე ტერმინი „ყველის” მითითება დაუშვებელია.

ცვლილებები შეეხო ასევე „შემცირებული ცხიმშემცველობის მქონე კარაქის“ განმარტებას. აღნიშნული დასახელების გამოყენება შესაძლებელია კარაქზე, რომელშიც რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 39%-ს და არაუმეტეს 79% - ს შეადგენს. დაუშვებელია ეტიკეტზე ტერმინი - «კარაქის» გამოყენება, მათ შორის, ბიზნესოპერატორის საფირმო დასახელებაში, თუ პროდუქტის წარმოებისათვის გამოყენებულია მცენარეული ცხიმი ან სხვა ცხიმი, გარდა რძის ცხიმისა“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Print