ახალი ამბები
15 განსხვავებული ყველიდან 12 ნიმუშში ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები გამოვლინდა
15 განსხვავებული ყველის მიკრობიოლოგიური ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ 12 ნიმუშში სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული წესები და ნორმები დაცული არ არის, - ამის შესახებ რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

კომპანიის დაკვეთით შესაბამისი კვლევა „MIC-TNS"-მა ჩაატარა. შედეგების მიხედვით, მომხარებელთა 93 % იმერულ ყველს მოიხმარს. გამოკითხული მოსახლეობის ნახევარზე მეტი, არაეტიკეტირებულ, ე.წ. გლეხურ პირობებში დამზადებულ ყველს ყიდულობს.

კვლევის დროს აღებულ ნიმუშებში ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები - კოლიფორმები და სტაფილოკოკების რაოდენობა დასაშვებ ნორმაზე მეტი აღმოჩნდა. ეს ბაქტერიები ძირითადად დაბინძურებული გარემოს და მომსახურე პერსონალის მიერ ჰიგიენური ნორმების დარღვევის შედეგად ჩნდება.

„რაც შეეხება რძის ცხიმის სისუფთავის ანალიზის პასუხს, 15 ნიმუშიდან, 8-ში, მცენარეული ცხიმები აღმოჩნდა, რომლებიც გადამუშავების პროცესში ტრანსცხიმებად იქცევიან და ხანგრძლივ პერსპექტივაში ამას ლეტალურ შედეგებამდე მივყავართ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

Print