ახალი ამბები
გიორგი გახარიამ ბოდიში მოიხადა - აქცია რუსთაველზე დროებით იშლება
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ აქციაზე შეკრებილებს შინაგან საქმეთა მინისტრმა მიმართა და მათ ბოდიში მოუხადა. "მე ვიხდი ბოდიშს არ მხოლოდ ჩემი სახელით, არამედ თუ რომელიმე თქვენგანს, ან თქვენს უსაფრთხოებას რისკი შეუქმნა შსს-ს რომელიმე წარმომადგენელმა. თუმცა, ასევე მინდა გითხრათ და გთხოვთ თქვენ, რომ რომელმაც ასევე მიაყენეთ შეურაცხყოფა ფორმაში ადამიანს, რომელიც სხვა ადამიანის უფლებებს იცავდა, მათაც ვუთხრათ ბოდიში,“- განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, ორშაბათიდან სამუშაო რეჟიმში აქციის მონაწილეებთან ერთად კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებს განიხილავს. მანამდე კი შეკრებილებს სთხოვა, რომ პოლიციის მითითებებს დაემორჩილნენ.

„ჩვენი ყველას ამოცანაა, რომ ეს საღამო მშვიდობიანად დავასრულოთ. თქვენ იცით, რომ მეორე დღეა გამოხატვის თავისუფლება აქ არავის შეუზღუდავს, იცით, რომ თითოეული პოლიციელი ზრუნავდა თქვენს უსაფრთხოებაზე. იმისთვის, რომ ყველამ ჩვენს მიზანს მივაღწიოთ, რომელიც გახლავთ, რომ ერთობლივად ვიპოვოთ სწორი გამოსავალი იმ საკმაოდ რთული ამოცანებიდან, რომელიც ჩვენ წინაშე ერთობლივად დგას, უნდა გადავინაცვლოთ სამუშაო რეჟიმში. ხვალ დილით ათ საათზე თქვენს წარმომადგენლებთან ერთად დეტალურად განვიხილავ პარასკევი დღის ყოველ წუთს და ყველა ის ადამიანი, რომელზეც ერთობლივად შევთანხმდებით, რომ უფლება დაირღვა, იქნება უფლებააღდგენილი. გპირდებით, რომ კონკრეტულ შედეგებს მივაღწევთ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით. ასევე ვთანხმდებით, რომ თუ ეს დაპირებები არ შესრულდება, ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია ამ თავისუფალ ქალაქში, თავისუფალი პარლამენტის წინ ისევ შევიკრიბოთ ან მოვუსმინოთ მუსიკას,“- აღნიშნა გახარიამ.

აღნიშნული სიტყვის შემდეგ აქციის ორგანიზატორებმა, მათ შორის „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ლიდერმა ბექა წიქარიშვილმა აქციის მონაწილეებს შაბათამდე დაშლისკენ მოუწოდეს.

ჯერჯერობით, უცნობია, დაიშლებიან თუ არა კონტრაქციის მონაწილეები, რომლებმაც პოლიციის კორდონის გარღვევა რამდენჯერმე სცადეს. ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანები და სპეცდანიშნულების რაზმები.

ამ წუთებში ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციების შემდეგ დაწყებული აქციის მონაწილეები ტერიტორიას სამართალდამცვების მითითების შესაბამისად ტოვებენ.

ამავე თემაზე:


ბიძინა Hამოვიდა , ბერა ნუ პოსტავ - ასე ეხმაურებიან ღამის კლუბებში სპეცოპერაციებს ზუგდიდში (ფოტო)

"ჩვენი თავისუფლებისთვის" - აქცია ღამის კლუბებში სპეცოპერაციების შემდეგ (ფოტო)
Print