ახალი ამბები
მოძალადეებს მალე ელექტრონული სამაჯურებით გააკონტროლებენ
მიმდინარე წლის ბოლომდე ელექტრონული სამაჯურები დაინერგება, რომლითაც მაღალი რისკის მატარებელი მოძალადეების ქცევას გააკონტროლებენ.  ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე თქვა.

მისივე ინფორმაციით, უკვე დასრულებულია მუშაობა რისკის შეფასების ინსტრუმენტსა და მონიტორინგის მექანიზმზე, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით 2018 წლის 01 სექტემბრიდან დაინერგება.

„რისკის შეფასების ინსტრუმენტი და მონიტორინგის მექანიზმი ადრეულ ეტაპზე ძალადობის პრევენციის, ძალადობის განმეორების საფრთხეების წინასწარ განჭვრეტის და განმეორებითი ძალადობის მინიმუმამდე დაყვანის შესაძლებლობას მოგვცემს“, - აღნიშნა მეზვრიშვილმა.

შსს-ს ინფორმაციით, 2018 წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე პერიოდში გამოძიება დაიწყო ოჯახური დანაშაულის 2 804 ფაქტზე, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა - 1 933 პირის მიმართ, რაც წინა წლის მთლიან მონაცემს უტოლდება. ოჯახური დანაშაულის ბრალდებით მიმდინარე წლის 6 თვეში დაკავებულია 1 328 პირი.

რაც შეეხება შემაკავებელ ორდერებს, 2018 წლის 6 თვეში გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა (3 292) ორჯერ აღემატება მთელი 2017 წლის მონაცემს.
Print