ახალი ამბები
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ცვლილებებია
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩასართავად საჭირო კვლევების ღირებულება კიდევ უფრო მცირდება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ამავე ცნობით, გენოტიპის ანალიზის დაფინანსებას ამიერიდან სახელმწიფო უზრუნველყოფს, რაც კვლევების ჯამურ ღირებულებას 140 ლარით შეამცირებს. პაციენტის მაქსიმალური ხარჯი კი 160 ლარს არ აღემატება.

გარდა ამისა, ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ფართოვდება პროგრამის მოსარგებლეთა არეალი. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისთვის პროგრამაში ჩასართავად საჭირო კვლევები სახელმწიფოს მხრიდან 70%-ით დაფინანსდება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში უკვე დაწყებულია დეცენტრალიზაციის პროცესი, რომლის მიხედვითაც საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, იქნება მინიმუმ ერთი დაწესებულება, რომელიც ბენეფიციარებს სრულ სერვისს შესთავაზებს.
„პროცესში ასევე, ჩაერთვება ზიანის შემცირების ცენტრები, სიახლეები განხორციელდა პროგრამის ადმინისტრირების მიმართულებითაც. ბენეფიციარებს პროგრამაში რეგისტრაციისთვის აღარ მოუწევთ სოციალური მომსახურების სააგენტოში მისვლა. ცვლილების თანახმად, რეგისტრაცია შესაძლებელია პირდაპირ პროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებაში. ასევე მუშაობის ონლაინ ფორმატზე გადავიდა პაციენტთა დოკუმენტაციის შემსწავლელი კომისია. ბენეფიციარები მკურნალობის დაწყებას დარეგისტრირებიდან 7 დღეში შეძლებენ, ნაცვლად 1 თვისა“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში დარეგისტრირებულია 50 000-ზე მეტი პაციენტი, 44 000-ზე მეტმა ბენეფიციარმა დაასრულა მკურნალობა. განკურნების მაჩვენებელი, სამინისტროს ცნობით, 98,2%-ია.

Print