ახალი ამბები
იმნაძე: გრიპის გავრცელება პიკს დეკემბერს ბოლოს მიაღწევს
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის ინფორმაციით, მიმდინარე სეზონზე გრიპი, რინოვირუსები და პარაგრიპის ვირუსებია გავრცელებული. მისივე თქმით, წელს, ლაბორატორიულად გრიპის ვირუსის 10-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა.

„რიცხვებში რომ ვთქვათ, 100 000 მოსახლეზე გრიპისმაგვარი დაავადებების 107-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ამ პერიოდისათვის ჩვეულებრივი მოვლენაა“,- განაცხადა იმნაძემ.

ეპიდომოლოგი ამბობს, რომ გრიპის ვირუსის გავრცელების პიკი დეკემბრის ბოლოსთვისაა მოსალოდნელი.

„გრიპის ვირუსების გავრცელების პიკს როგორც ყოველთვის, ისე წელსაც დეკემბრის ბოლო კვირაში ველოდებით, შემდეგ მისი რაოდენობა ისევ შემცირდება, თუმცა თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში ველოდებით გავრცელების მეორე ტალღას. მიუხედავად ამისა, გავრცელება ეპიდემიურ ზღვარს არც ერთ შემთხვევაში არ გადააჭარბებს. რისკჯგუფებს წარმოადგენენ მცირეწლოვანი ბავშვები, ხანშიშესული ადამიანები და პირველ რიგში, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

მისი რეკომენდაციით, საჭიროა, ჰიგიენის ნორმების დაცვა, ასევე, ხელების ხშირად დაბანა და გაციების ან ვირუსის აღმოჩენის შემთხვევაში, სახლში დარჩენა.
Print