ახალი ამბები
არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ სქესობრივ დანაშაულში 2018 წელს 116 პირი ამხილეს
2018 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულების ბრალდებით 116 პირი ამხილეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მათგან 4 მხილებული იყო გაუპატიურებაში, 2 - სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში, 24 - გარყვნილ ქმედებაში, 86 - 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან ნებაყოფლობით სექსუალურ კავშირში.

ამავე ინფორმაციით, არასრულწლოვანთა მიმართ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ჩამდენი პირების მიმართ, სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრების და აღნიშნული დანაშაულის პრევენციის მიზნით, შსს-მ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელის გამკაცრებას და მათთვის სხვადასხვა უფლების ჩამორთმევას. მაგალითად, სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდგომ, დანაშაულის ჩამდენ პირებს აეკრძალებათ სასწავლო, სააღმზრდელო დაწესებულებებში მუშაობა, ასეთ დაწესებულებებში ყოფნა და ა.შ.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე, 138-ე, 139-ე და 141-ე მუხლებით მსჯავრდებულ პირთა ბაზის შექმნას, რაც მიზნად ისახავს მსჯავრდებულთა მონიტორინგის გზით, დანაშაულის პრევენციას.

შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ინსტიტუტი, რომელიც თებერვლიდან პილოტურად ამოქმედდება და რომლის მიზანი გამოძიების მიმდინარეობისას მსხვერპლთა ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და მათთვის სამართალწარმოების პროცესში მონაწილეობის გამარტივება.
Print