ახალი ამბები
მინისტრი: „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს
საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება დღეს მიიღო. საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის თქმით, კონსორციუმს პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს. მინისტრს არ დაუკონკრეტებია, თანხის რაოდენობა, თუმცა აღნიშნა, რომ სახელმწიფომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ 10 მილიონი დოლარის პირგასამტეხლო უკვე აპატია.

ამასთან, მისივე განცხადებით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ასევე მოუწევს სახელმწიფოს დაუბრუნოს გადაცემული მიწები და ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი.

„პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით უკვე იქნა ნაპატიები 10 მილიონ დოლარზე მეტი პირგასამტეხლო, რა თანხაც უკვე გაწეული შეღავათია სახელმწიფოს მხრიდან. დღეის მდგომარეობით კონსორციუმს აქვს კიდევ დარიცხული გარკვეული პირგასამტეხლო და შესაბამისად, ამ პირგასამტეხლოს ანაზრაურების საკითხი, ისევე, როგორც შემდგომი იურიდიული პროცედურები, ბუნებრივია, იქნება დაწყებული. რა თქმა უნდა, ეს გულისხმობს იმასაც, რომ კონსორციუმმა უნდა მოახდინოს სახელმწიფოს მხრიდან გადაცემული მიწების დაბრუნება, ბუნებრივია, უნდა მოხდეს საპროექტო დოკუმენტაციის დაბრუნება სახელმწიფოსთვის. მთელი ეს პროცედურები გაწერილია ხელშეკრულებაში და ზედმიწევნით მივყვებით ხელშეკრულების მოთხოვნებს“, - ამბობს ცქიტიშვილი.

საქართველოს მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულებას წყვეტს და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გატარებას იწყებს.
Print