ახალი ამბები
ხობში ადგილობრივმა ბიზნესმენებმა და მეწარმეებმა ხანდაზმულებს პროდუქტები გადასცეს
ბიზნესმენმა კორნელი კემულარიამ, მეწარმემ სერგო ბერაიამ და შპს „პულსმა“ სხვადასხვა დასახელების კვების პროდუქტი (სიმინდის ფქვილი, ღერღილი, ზეთი, შაქარი, პურის ფქვილი, მარილი) ხობში, ახალი კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში შექმნილ, მოხალისეთა ჯგუფის წევრებს გადასცეს. თავის მხრივ, მოხალისეები პროდუქტებს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ და ხანდაზმულ მოქალაქეებს (66 ადამიანი)დაურიგებენ.



„სოციალური ქსელის მეშვეობით მიმდინარე კამპანიაში მოქალაქეები აქტიურად მონაწილეობენ და თავიანთ მხარდაჭერას სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ. გვიკავშირდებიან მეწარმეები, რომლთაც სურთ დახმარება გაუწიონ ხანდაზმულ ადამიანებს. რამდენიმე მოქალაქემ ელექტროენერგიის დავალიანებაც გადაუხადა ჩვენს ბენეფიციარებს და მათ დენის მიწოდება აღუდგინეს. ყველა უნდა გავერთიანდეთ კოროავირუსის წინააღმდეგ და შეიძლება ითქვას, რომ ეს ხობში უკვე მოვახერხეთ. რაც შეეხება ჩვენს მოხალისეების, ისინი დაცულები არიან პირბადით, რომელსაც მარტა ტურავა უფასოდ გვიკერავს. მადლობა ყველას ვინც შემოგვიერთდა", - უთხრა რადიო „ათინათს“ ერთ-ერთმა მოხალისემ ნინო სიჭინავამ. 



მეწარმე სერგო ბერაია, რომელიც სოფელ ჭალადიდში სიმინდის გადამამუშავებელ საწარმოს ფლობს, ამბობს, რომ აქციის შესახებ სოციალური ქსელიდან შეიტყო. მისივე თქმით, ის მომავალშიც მზად არის  დახმარება გაუწიოს ხანდაზმულ ადამიანებს.



„მოხალისეთა ჯგუფს გადავეცი 200კგ. სიმინდის ფქვილი და 100 კგ. ღერღილი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კამპანია და მე მჯერა, რომ ძალიან ბევრი მეწარმე და ბიზნესმენი ჩაერთვება ამაში. მზად ვარ მომავალშიც გაუწიო დახმარება მოქალაქეებს“, - ამბობს სერგო ბერაია.



ბიზნესმენებისა და მეწარმეების გარდა, კამპანიაში რიგითი მოქალაქეებიც არიან ჩართულები.
Print