ახალი ამბები
სოხუმის მოდის სახლი პირბადეებს შეკერავს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  კორონოვირუსის პრევენციის მიზნით, სოხუმის მოდის სახლი მრავალჯერადი პირბადეების დამზადებას დაიწყებს. ნიღბები შავის ან თეთრი ფერის ნატურალური ქსოვილისგან შეიკერება.

უწყების ცნობით, ეს იძულებითი ღონისძიებაა, რადგან აფხაზეთში სამედიცინო ნიღბების შეტანა შეჩერებულია. ამავე ცნობით, აფთიაქებში პირბადეების მარაგი უკვე დიდი ხანია ამოიწურა. გამოცემის ინფორმაციით, რუსეთმა, რომელიც ნიღბების ძირითადი მიმწოდებელი იყო აფხაზეთისთვის, ვირუსის ეპიდემიის პერიოდში სამედიცინო პირბადეების ქვეყნიდან გატანა აკრძალა.

"ჯანდაცვის" პრესსამსახურის ინფორმაციით, ორ დღეში, დაახლოებით, 1 500 პირბადე დამზადდება. მათი ნაწილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს გადაეცემა. შემდეგ ეტაპზე მოდის სახლი პირბადეებს მოსახლეობისთვის შეკერავს. დაგეგმილია 20 000 ნიღბის დამზადება. ერთი პირბადე 30 რუბლი ეღირება.

"ჯანდაცვის სამინისტროს" მონაცემებით, ამ დრომდე აფხაზეთში კორონავისუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

22 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში  განმეორებითი "საპრეზიდენტო" არჩევნები გაიმართება.  


Print