ახალი ამბები
ფსოუსთან დისტანციური თერმომეტრის გამო რიგი დადგა
რუსეთთან საზღვარზე საცობი შეიქმნა. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ნოდარ ჩაჩხიანმა განუცხადა ადგილობრივ მედიას. მისი განმარტებით, ავტომობილების რიგი გამშვებ პუნქტთან დისტანციური თერმომეტრის გამო დადგა, რომელმაც მაღალი ტემპერატურის მქონე ადამიანების გარკვეული რაოდენობა დააფიქსირა.

მისივე ცნობით, "აფხაზეთის მოქალაქეებს", რომლებსაც მაღალი სიცხე აღმოაჩნდათ, დამატებითი კვლევები ჩაუტარდებათ, ხოლო "უცხო ქვეყნის მოქალაქეები", უკან გააბრუნეს, წერს "აიაირა".

"დღეს ტემპერატურის მქონე 6 ადამიანი დაბრუნდა. ისინი აფხაზეთში არ შეუშვეს. ვეჭვობ, მათ არ აქვთ კორონავირუსი, თუმცა მაინც თავი დავიზღვიეთ", - თქვა ჩაჩხიანმა.

დისტანციური თერმომეტრები, "კორონავირუსის პრევენციის მიზნით", აფხაზეთში საერთაშორისო ორგანიზაციებმა ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში ჩაიტანეს. ისინი 19 მარტს "ენგურის" და "ფსოუს" გამშვებ პუნქტებთან განათავსეს. აპარატი 37 - ზე უფრო მაღალ ტემპერატურას აფიქსირებს.

დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამ დრომდე აფხაზეთში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად "პრეზიდენტის" მოვალეობის შემსრულებლის ვალერი ბგანბას განკარგულებით, ტარდება დამატებითი ღონისძიებები მოსახლების დასაცავად. მათ შორის: შეჩერებულია სასწავლო პროცესი, კულტურულ -სპორტული ღონისძიებების ჩატარება.

ამავე რეგულაციების თანახმად, აფხაზეთში რისკის ქვეყნებიდან ჩასული მოქალაქეები 14 დღის განმავლობაში უნდა დარჩნენ თვითიზოლაციაში. პირები, რომლებსაც გაციების ან ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვთ, ურჩევენ არ მოვიდნენ სამსახურში და მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს.


Print