ახალი ამბები
15 ქვეყნის ერთობლივი განცხადება - არ ვაღიარებთ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობას
ბულგარეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, კანადა, ესტონეთი, ფინეთი, ირლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და ამერიკის შეერთებული შტატები არ აღიარებენ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში გამართული ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნების" ლეგიტიმურობას. ერთობლივი განცხადება საქართველოში ამერიკის საელჩოს ვებ - გვერდზეა გამოქვეყნებული.

"ჩვენ კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და კვლავ ღრმად ვართ შეშფოთებული საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის, გაიყვანოს საკუთარი ძალები საომარი მოქმედებების დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე და უზრუნველყოს ამ რეგიონებში ჰუმანიტარულ დახმარებაზე ხელმისაწვდომობა. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ჟენევის საერთაშორისო ფორმატის მოლაპარაკებებს", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ განმეორებითი "საპრეზიდენტო" არჩევნები აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 22 მარტს გაიმართა.  ე.წ. არჩევნებში ოპოზიციის ლიდერმა ასლან ბჟანიამ გაიმარჯვა, რომელმაც ამომრჩევლების ხმათა 56,5% მიიღო. მისი ოპონენტები იყვნენ  დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცე - პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი - ადგურ არძინბა და შს ყოფილი მინისტრი - ლეონიდ ძაპშბა.




Print