ახალი ამბები
აფხაზეთში გაგზავნილი სამედიცინო აღჭურვილობის საკითხს ქეთევან ციხელაშვილი გამოეხმაურა
საქართველოს ხელისუფლება ბოლო კვირების განმავლობაში, ყველა შესაძლო არხით ჩართულია COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ასე გამოეხმაურა ქეთევან ციხელაშვილი კითხვებს, რომელიც ეხებოდა ერთ-ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გალისთვის გადაცემულ დახმარებასთან დაკავშირებით. ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

„არაერთი აქტივობა განხორციელდა განსაკუთრებით აფხაზეთის რეგიონის მიმართულებით. ერთის თქმა შემიძლია: თუნდაც მხოლოდ გუშინ განხორციელებულ აქტივობებში, რომელიმე ფონდის თუ პოლიტიკური ორგანიზაციის მიერ გაკეთებული კონტრიბუცია არ ყოფილა არც ერთადერთი და მით უფრო არც პირველი, როგორც ცხადდებოდა. მთელი ამ დღეების და კვირების განმავლობაში, ხელისუფლება და ასევე სხვადასხვა კერძო პირი თუ ორგანიზაცია, თავისი კეთილი ნებით, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ძალიან აქტიურად არიან ჩართულნი ამ პროცესში და ყველას მადლობა, რა თქმა უნდა.

მე პროცესის დეტალებზე კვლავ ვერ ვსაუბრობ, სწორედ ამ პროცესის სენსიტიურობიდან გამომდინარე და იმიტომ, რომ ამ ყველაფრის უკან დგანან ადამიანები, რომელთაც ძალიან სჭირდებათ დახმარება გუშინწინაც, გუშინაც, დღესაც და ხვალაც. მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის ახლა პრიორიტეტი, ყველაზე მთავარი და ყველაზე მაღალი!

მე მესმის, რომ შეიძლება ამა თუ იმ პოლიტიკურ პირს თუ ორგანიზაციას ჰქონდეს გარკვეული პოლიტიკური დღის წესრიგი და ინფორმაციის გასაჯაროება ამას უკავშირდებოდეს, თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ კონკრეტულად ამ პოლიტიკური ძალისგან ალბათ ცოტა გასაკვირია იმიტომ, რომ სულ რამდენიმე დღის წინ, იგივე ორგანიზაციის წარმომადგენლები მოუწოდებდნენ ხელისუფლებას, ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით ნაბიჯები გადადგმულიყო "ყველანაირი ხმაურისა და პიარის გარეშე" რასაც, გარწმუნებთ, ისედაც ვდგამდით და ახლაც ვდგამთ, სწორედ ამ ხმაურის გარეშე, რომ პროცესი არ დაზიანდეს! ამიტომ ვფიქრობ, დღეს განსაკუთრებით, ამხელა გამოწვევასთან ბრძოლაში, ეს სენსიტიური გარემო უმჯობესია ყველამ გაითვალისწინოს", - აცხადებს ციხელაშვილი.

ფონდმა "მოძრაობა მომავლისთვის" ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოს საავადმყოფოს სამედიცინო აღჭურვილობა გაუგზავნა. ფონდმა სამედიცინო დაწესებულებას 2 ცალი პულქსოსიმეტრი, 70-მდე ყუთი ერთჯერადი ხელთათმანი, 500 ცალი თეთრეულის ნაკრები და 400 ცალი ხალათი გადასცა. 

"მოძრაობა მომავლისთვის" დამფუძნებლის თეონა დოლენჯაშვილის ინფორმაციით, ჰუმანიტარული ტვირთი საბერიოს საავადმყოფომ უკვე ჩაიბარა. მისივე ცნობით, აღნიშნულმა სამედიცინო დაწესებულებამ, სამედიცინო აღჭურვილობის ნაწილი სხვადასხვა, მათ შორის, სოხუმის საავადმყოფოს გადაუნაწილა.

ამავე თემაზე: 

ოკუპირებულ აფხაზეთში დანარჩენი საქართველოდან სამედიცინო აღჭურვილობა გააგზავნეს

Print