ახალი ამბები
რუხის საავადმყოფო 11 სასუნთქი აპარატითა და 25 საწოლით აღიჭურვა
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით რუხის საავადმყოფო 11 სასუნთქი აპარატითა და 25 საწოლით აღიჭურვა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს საავადმყოფოს დათვალიერების შემდეგ უთხრა. მისივე თქმით, აღნიშნული პროცესი გაგრძელდება და საავადმყოფო საბოლოო ჯამში 200-მდე პაციენტის მიღებას შეძლებს.

"დღეს რუხის საავადმყოფო აღვჭურვეთ 11 სასუნთქი აპარატითა და 25 საწოლით. შევხვდით ექიმებს და "სტაფის" იმ ნაწილს, რომელიც აქ დასაქმდება. გამოიკვეთა საკმაოდ ბევრი პრობლემატიკა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ მოგვიწევს ბევრი მუშაობა "სტაფის" მოგროვებაზე. ადგილზე იქნება სამინისტროს წარმომადგენელი, რომელიც თვალ-ყურს მიადევნებს ყველა იმ ფაქტორს, რომ პროცესი იყოს ყველანაირი ხარვეზის გარეშე", - განაცხადა ტიკარაძემ.
სამედიცინო დაწესებულების აღჭურვის პროცესს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილთან ერთად გაეცნო.


Print