ახალი ამბები
დღეიდან სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიაზე მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს
რეგიონის მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს. ინფორმაცია ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ამავე ცნობით, შეზღუდვები დაწესდება მუნიციპალიტეტებს შორის გადაადგილებაზეც.

"შეიქმნება ბლოკ-პოსტები მუნიციპალიტეტების შესასვლელ-გასასვლელებთან. ყველა ავტომობილი, სადაც იქნება 3 პიროვნებაზე მეტი აუცილებლად შეჩერებული იქნება. მანქანებში ყველა უნდა იჯდეს პირბადით, ჩვენ ყველა მოქალაქეს გავაცნობთ რეკომენდაციებს. ჯგუფები გააკონტროლებენ იმ მოქალაქეებს, რომლებიც არ იცავენ რეკომენდაციებს, გადაუდებელი შემთხვევის გარდა არავინ არ უნდა მოძრაობდეს ქალაქსა თუ სოფლად", - ნათქვამია გუბერნატორის განცხადებაში.

ალექსანდრე მოწერელიას განმარტებით, აღნიშნული ზომები მოსალოდნელი რისკების თავიდან ასაცილებლად დაწესდა.

პრემიერ- მინისტრმა გიორგი გახარიამ რეგიონის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად გამართა. მან რეგიონში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური შტაბის წევრებს საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მკაცრად გაკონტროლება დაავალა.
Print