ახალი ამბები
6 აპრილიდან სენაკის აგრარული ბაზარი დაიხურება
დღეს საკოორდინაციო შტაბის სხდომაზე სენაკის აგრარული ბაზრის დახურვის შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება. მხარის რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას თქმით, ზუგდიდისა და ფოთის ბაზრებისგან განსხვავებით, სადაც ვითარება გაუმჯობესებულია, სენაკში სიტუაცია არ შეცვლილა, შესაბამისად, ბაზარი დროებით დაიხურება, სანამ ადმინისტრაცია კონკრეტულ რეგულაციებს არ გაითვალისწინებს.

სამხარეო ადმინისტრაციაში საკოორდინაციო შტაბის სხდომა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. გუბერნატორმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ რეგიონის მასშტაბით სამართალდარღვევათა რაოდენობამ იკლო, ამიტომაც აკრძალვების გამკაცრება ამ ეტაპზე არ იგეგმება.

ალექსანდრე მოწერელიამ ოკუპირებული აფხაზეთიდან პაციენტების ნაკადის მოსალოდნელ ზრდაზეც ისაუბრა, რაც მისი თქმით, აფხაზეთში არსებული მოუწესრიგებელი ვითარებით არის განპირობებული. აქედან გამომდინარე, დაჩქარებული წესით მიმდინარეობს რუხის მრავალპროფილური კლინიკის აღჭურვა, სადაც იგეგმება ოკუპირებული აფხაზეთიდან მოქალაქეების მიღება.



Print