ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. დღეს, 9 საათზე გარდაიცვალა 79 წლის ქალი, რომელიც ე.წ. მარნეულის კლასტერიდან იყო. კლინიკაში პაციენტის სამკურნალოდ ჩატარებული ღონისძიებები არაეფექტური აღმოჩნდა, ამის შესახებ თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით კრიტიკრული პაციენტი 31 მარტს შეიყვანეს კლინიკაში და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მოათავსეს დადასტურებული კოვიდ ინფექციით.

"მის ანამნეზში იყო ბოლო 6 თვის განმავლობაში მკვეთრი წონის დეფიციტი, ჩატარებული კლინიკური კვლევების შედეგად, გამოვლინდა ორმხრივი პნევმონია, ასევე დადასტურდა პნევმოთორაქსი, მწვავე რესპირატორული დისტრესი. შემოყვანისთანავე დადასტურდა მწვავე სეფსისი ჰემოდინამიკის რღვევით. ამ კვლევების შემდეგ, პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში, დაწყებული იქნა სიმპტომური და პათოგენეზური მკურნალობა, მაგრამ ჩატარებული ღონისძიებები ამ ეტაპზე აღმოჩნდა უეფექტო. მისი სომატური პათოლოგიებიდან გამომდინარე დღეს დილით 9 საათზე, სამწუხაროდ, დაფიქსირდა ლეტალობა", - განაცხადა ლევან რატიანმა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 157 შემთხვევაა დადსტურებული. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე ვრცელდება. ამავე ცნობით, კარანტინის რეჟიმშია - 5526 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 344 პირი.

157 ადამიანიდან 28 გამოჯანმრთელებულია.




Print