ახალი ამბები
გაეროს განვითარების პროგრამა სოხუმს 500 ათას დოლარს გამოუყოფს
გაეროს განვითარების პროგრამა სოხუმს კორონავირუსის  წინააღმდეგ ბრძოლისთვის 500 ათას დოლარს გამოუყოფს. ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ფედერიკა დისპენსამ აფაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემერ - მინისტრს დაურ კოვეს ონლაინ - კონფერენციის დროს განუცხადა, წერს "აფსადგილ ინფო".

გარდა ამისა, გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია რესპუბლიკას დეზინფექციისთვის განკუთვნილ 11 ზურგჩანთას გადასცემს, ხოლო  სიტუაციის გართულების შემთხვევაში, HALO trust  მზადაა აფხაზეთში 11 სასწრაფო დახმარების მანქანა გაგზავნოს, მძღოლთან ერთად.   ონლაინ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტები, რომლებიც აფხაზეთში 3 აპრილს ჩავიდნენ, ადგილობრივი სპეციალისტებისთვის პრაქტიკული დახმარების გასაწევად.

2 აპრილს გაეროს განვითარების პროგრამის ეგიდით აფხაზეთში ჰუმანიტარული ტვირთის მეორე ნაწილი ჩავიდა. საერთაშორისო ორგანიზაციამ სოხუმს 12 ათასი ქირურგიული პირბადე, სტაციონარის პირობებში გამოსაყენებლი 1780 ლიტრი სადეზინფექციო ხსნარი გადასცა.  უფრო ადრე, 18 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დელეგაციამ ოკუპირებულ აფხაზეთში 600 ლიტრი ანტისეპტიკური სითხე, 500 ლიტრი ანტიბაქტერიული საპონი და პერსონალური მოვლისთვის აუცილებელი 500 კომპლექტი ჩაიტანა.

ოპერატიული შტაბის  მონაცემებით, ამ დრომდე აფხაზეთში კორონავირუსით დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დადასტურებულა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 11 ადამიანს, რომელსაც ზუგდიდის ინფექციურში საბერიოდან გადაყვანილ ქალთან ჰქონდა კონტაქტი, კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

სოხუმმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 28 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო 29 მარტიდან ფსოუზე საზღვარი ჩაკეტა. ამავე დღეს გალის რაიონის ტერიტორიაზე კომენდანტის საათი ამოქმედდა. აღნიშნული შეზღუდვები 20 აპრილამდე მოქმედებს.








Print