ახალი ამბები
სამეგრელოდან ლუგარში გაგზავნილ ხუთივე ანალიზზე უარყოფითი პასუხი მოვიდა

ზუგდიდიდან და ფოთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ხუთივე ანალიზზე

უარყოფითი პასუხი მოვიდა. კორონავირუსი არ დაუდასტურდა ინფიცირებული სპორტსმენის კლასტერის სამ წევრს, რომელიც ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ანაკლიის საკარანტინო ზონიდან დღეს გადაიყვანეს. ერთ- ერთი მათგანი უკვე დააბრუნეს საკარანტინო ზონაში.

 

ასევე უარყოფითი პასუხი მოვიდა ევექსის კლინიკაში მოთავსებული ქალის ანალიზზე. მედიკოსების თქმით, პაციენტს არ ჰქონია საეჭვო კონტაქტები და ის რეფერალურ ჰოსპიტალში ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნებით შევიდა, ამავე ცნობით, მას მალევე გადაიყვანენ პალატაში.

ლუგარიდან ასევე მოვიდა იმ პაციენტის ანალიზის პასუხი , რომელიც ფოთის "ცხელების ცენტრში" შეიყვანეს. კორონავირუსი არც მას დაუდასტურდა.

ზუგდიდის ინფექციურში ანაკლიის საკარანტინო ზონიდან კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით სამი საშუალო ასაკის მამაკაცი დღეს გადაიყვანეს. მათი ბიოლოგიური მასალა შემდგომი კვლევისთვის ლაბორატორიაში გააგზავნეს.

სამივე მამაკაცი ზუგდიდელია და მათ კავშირი ჰქონდათ სოფელ ლიაში 28 მარტს სტუმრად მყოფ პირთან, რომელსაც თბილისში ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამ დროისთვის, ინფექციურში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ორი ადამიანი მკურნალობს. მათ შორის, ერთს თურქეთში, ხოლო მეორეს რუსეთის ფედერაციაში მოგზაურობის ისტორია აქვს.





 

Print