ახალი ამბები
ნათია თოდუამ აფხაზეთში მცხოვრებ ბებია - ბაბუასთან ერთად ონლაინ იმღერა
მომღერალი ნათია თოდუა, რომელიც ამჟამად ბერლინში ცხოვრობს, სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც ის მეგრულ სიმღერას ასრულებს. ვიდეოზე გერმანული "ვოისის" გამარჯვებული ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ თაგილონში მყოფ ბებია- ბაბუას ონლაინ რეჟიმში ესაუბრება, შემდეგ კი მათთან ერთად მღერის.

"ჩემო საყვარელო მეგობრებო, გუშინ მომეცა შესაძლებლობა დავლაპარაკებოდი ჩემს მონატრებულ ბებია და ბაბუას აფხაზეთში. სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რამხელა ძალა, იმედი და მოტივაცია მომცა მათ დანახვამ და მათთან ერთად სიმღერამ. სიყვარულს საზღვრები არ აქვს, სიყვარული ჩვენ გვაერთიანებს. მიუხედავად ამ რთული მდგომარეობისა, ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთი გავაძლიეროთ, ჩვენს უძვირფასეს ადამიანებს ვუთხრათ, თუ როგორი მნიშვნელოვანია მათი სიცოცხლე ჩვენთვის!", - წერს მომღერალი.

მიმართვის ბოლოს ნათიამ საკუთარი გულშემატკივრებიც გამოიწვია.

"მეგობრებო გთხოვთ ყველას, ვისაც გყავთ ბებია და ბაბუა, რომ უმღეროთ ან იმღეროთ მათთან ერთად, მათთვის საყვარელი სიმღერა", - დაწერა მან.
Print