ახალი ამბები
ოჩამჩირის საავადმყოფოსთვის ხელოვნური სუნთქვის აპარატები შეიძინეს
ოჩამჩირის საავადმყოფომ ხელოვნური სუნთქვის ორი აპარატი მიიღო. სამედიცინო აღჭურვილობა და პერსონალური დაცვის სხვა საშუალებები სამედიცინო დაწესებულებისთვის მოსკოვის აფხაზურმა დიასპორამ და აფხაზ მეწარმეთა მოძრაობამ შეიძინეს, წერს "აფხაზია ინფორმი".

გამოცემის ცნობით, ამ დროისთვის საავადმყოფოში პაციენტები არ არიან, თუმცა სასწრაფო დახმარების ბრიგადები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ და საჭიროების შემთხვევაში, მზად არიან მოქალაქეების ადგილზე ან სოხუმში გადასაყვანად. ამავე ინფორმაციით, ოჩამჩირის რაიონში თვითიზოლაციაში 24 ადამიანი იმყოფება, სამმა კი უკვე დატოვა კარანტინის რეჟიმი.

დღეის მონაცემებით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში კოვიდ – 19 – ით ინფიცირების სამი დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

ოპერატიული შტაბის მონაცემებით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე 14 ადამიანის ანალიზი გაიგზავნა ტესტირებისთვის. ყველას პასუხი უარყოფითია.

სოხუმმა კორონავირუსის გამო 28 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო 29 მარტიდან ფსოუზე საზღვარი ჩაკეტა. 30 მარტს კი გალის რაიონში ამოქმედდა კომენდანტის საათი, მას შემდეგ, რაც მოსკოვიდან საბერიოში ჩასული 50 წლამდე ქალი, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას კორონავირუსი დაუდასტურდა.

აღნიშნული შეზღუდვები 20 აპრილამდე მოქმედებს.


Print