ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა
აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი რამდენიმე დღეში გაეწერება გუდაუთის საავადმყოფოდან, ამის შესახებ ინფორმაციას მოსახლეობის კორონავირუსისგან დაცვის მიზნით შექმნილი სპეციალური შტაბი ავრცელებს. ამავე ცნობით, მას უკვე ჩაუტარდა ორი ტესტირება COVID 19 -ზე, რომლის პასუხი უარყოფითია, წერს "აფსადგილ ინფო".

დანარჩენი ორი ინფიცირებული, რომელიც პირველი პაციენტის კლასტერიდანაა, განაგრძობს მკურნალობას. მათ შორის, 1925 წელს დაბადებული ქალი, რომელიც სახლში, თვითიზოლაციის რეჟიმში რჩება. მან უარი განაცხადა ჰოსპიტალიზაციაზე.

კორონავირუსით დაინფიცირების პირველის შემთხვევა აფხაზეთში 7 აპრილს, გაგრაში დაფიქსირდა. ინფიცირებულ მოქალაქეს მოსკოვში მოგზაურობის ისტორია აქვს, სადაც ის მივლინებაში იმყოფებოდა.

დღეის მონაცემებით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში COVID 19-ით ინფიცირების 3 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

სოხუმმა კორონავირუსის გამო 28 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო 29 მარტიდან ფსოუზე საზღვარი ჩაკეტა. 30 მარტს კი გალის რაიონში ამოქმედდა კომენდანტის საათი, მას შემდეგ, რაც მოსკოვიდან საბერიოში ჩასული 50 წლამდე ქალი, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას კორონავირუსი დაუდასტურდა.

აღნიშნული შეზღუდვები 20 აპრილამდე მოქმედებს.

Print