ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებული 95 წლის პაციენტის მდგომარეობა გაუარესდა
აფხაზეთში კორონავირუსით დაინფიცირებული პირველი პაციენტი ჯერჯერობით გუდაუთის საავადმყოფოში რჩება. მას ორჯერ ჩაუტარდა ტესტირება, რომელზეც უარყოფითი პასუხი მოვიდა. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, მამაკაცს რამდენიმე დღეში გაწერენ. ამავე ცნობით, მეორე ინფიცირებულის მდგომარეობაც სტაბილურია.

რაც შეეხება მესამეს, 1925 წელს დაბადებულ ქალს, მისი მდგომარეობა გაუარესდა, თუმცა უარყოფითი დინამიკის მიუხედავად, ის უარს აცხადებს ჰოსპიტალიზაციაზე და თვითიზოლაციის პირობებში, სახლში განაგრძობს მკურნალობას, წერს "აფსადგილ ინფო".

გამოცემის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ტესტირება 9 ადამიანმა გაიარა, თუმცა ახალი კორონავირუსი არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა.

კორონავირუსით დაინფიცირების პირველის შემთხვევა აფხაზეთში 7 აპრილს, გაგრაში დაფიქსირდა. ინფიცირებულ მოქალაქეს მოსკოვში მოგზაურობის ისტორია აქვს, სადაც ის მივლინებაში იმყოფებოდა. დანარჩენი ორი შემთხვევა მისი კონტაქტებია.

დღეის მონაცემებით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში Covid  19-ით ინფიცირების 3 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

სოხუმმა კორონავირუსის გამო 28 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო 29 მარტიდან ფსოუზე საზღვარი ჩაკეტა. 30 მარტს კი გალის რაიონში ამოქმედდა კომენდანტის საათი, მას შემდეგ, რაც მოსკოვიდან საბერიოში ჩასული 50 წლამდე ქალი, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას კორონავირუსი დაუდასტურდა.

აღნიშნული შეზღუდვები 20 აპრილამდე მოქმედებს.

Print