ახალი ამბები
დღეიდან გალის რაიონში კომენდანტის საათი უქმდება
20 აპრილიდან კომენდანტის საათი უქმდება გალისა და გაგრის რაიონებში, თუმცა ამავე დროს, 2020 წლის 1 მაისამდე ხანგრძლივდება საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული სხვა შეზღუდვები. კერძოდ, დაწესებულ დრომდე იკრძალება მასობრივი, კულტურული და სპორტული, ტურისტული და საექსკურსიო ღონისძიებების ჩატარება, უბაჟო ვაჭრობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, საკულტო ობიექტების მონახულება, სილამაზის სალონების და ფიტნეს ცენტრების მუშაობა.

4 მაისამდე შეჩერებულია სააღმზრდელო და სასწავლო პროცესი ბაღებში, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში.

ამასთან ერთად, დღეიდან აფხაზეთში ნაწილობრივ ამოქმედდება სასურსათო და აგრარული ბაზრები. ეპიდემიოლოგიურ სამსახურთან შეთანხმებული გრაფიკით, სოხუმსა და რესპუბლიკის სხვა რაიონებში ეს ობიექტები კვირაში სამჯერ იმუშავებენ, წერს "აფსადგილ ინფო".

კორონავურუსის პანდემიის გამო დაწესებულ რეგულაციებში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შესახებ განკარგულებას, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ მოაწერა ხელი.

სოხუმმა კორონავირუსის გამო 28 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო 29 მარტიდან ფსოუზე საზღვარი ჩაკეტა. 30 მარტს კი გალის რაიონში ამოქმედდა კომენდანტის საათი, მას შემდეგ, რაც მოსკოვიდან საბერიოში ჩასული 50 წლამდე ქალი, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას კორონავირუსი დაუდასტურდა. ხოლო აფხაზეთში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევის დადასტურების შემდეგ, კომენდანტის საათი 8 აპრილს გაგრაშიც გამოცხადდა. აღნიშნული შეზღუდვები 20 აპრილამდე იყო დაწესებული.

დღეის მონაცემებით, აფხაზეთში Covid -  19-ით ინფიცირების 3 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. პირველის შემთხვევა აფხაზეთში 7 აპრილს, გაგრაში დაფიქსირდა. ინფიცირებულ მოქალაქეს მოსკოვში მოგზაურობის ისტორია აქვს, სადაც ის მივლინებაში იმყოფებოდა. დანარჩენი ორი შემთხვევა - მისი კონტაქტებია.


Print