ახალი ამბები
კორონავირუსით ინფიცირებული 95 წლის ქალი გუდაუთის საავადმყოფოში გარდაიცვალა
კორონავირუსით ინიფიცრებული 95 წლის ქალი , რომელიც გუდაუთის საავადმყოფოში იყო მოთავსებული, დღეს დილის 7 საათზე გარდაიცვალა. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, მას თანმდევი ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა, წერს "აბხაზია ინფორმი".

პაცინეტს Covid 19-ის დიაგნოზი 11 აპრილს დაუდასტურდა, თუმცა ის თავდაპირველად ჰოსპიტალიზაციაზე უარს აცხადებდა. კლინიკაში კი მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, 20 აპრილს გადაიყვანეს. მედიკოსების ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას პაციენტს ორმხრივი პოლისეგმენტური პნევმონია, ასევე მწვავედ გამოხატული ჰიპერტონია და თირკმლის ქრონიკული უკმარისობა აღენიშნებოდა.

25 აპრილის მონაცემებით, აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 3 შემთხვევაა დადასტურებული. პირველი - 7 აპრილს, გაგრაში დაფიქსირდა. ინფიცირებულ მოქალაქეს მოსკოვში მოგზაურობის ისტორია აქვს, სადაც ის მივლინებაში იმყოფებოდა. დანარჩენი ორი, მათ შორის გარდაცვლილი, 1925 წელს დაბადებული ქალი, მისი კონტაქტებია. პირველი პაციენტი ჯერჯერობით გუდაუთის ჰოსპიტალში რჩება და მას რამდნიმე დღეში გაწერენ, მეორე გამოჯანმრთელდა და უკვე სახლში იმყოფება.

სოხუმმა კორონავირუსის გამო 28 მარტს დაწესებული შეზღუდვები 20 აპრილიდან ნაწილობრივ მოხსნა, მუშაობა ეტაპობრივად განაახლეს აგრარულმა ბაზრებმა. თუმცა 2020 წლის 1 მაისამდე გახანგრძლივდა საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული სხვა შეზღუდვები. 4 მაისამდე შეჩერებულია სააღმზრდელო და სასწავლო პროცესი ბაღებში, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში.




Print