ახალი ამბები
ხვალიდან მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით და ტაქსით გადაადგილება ნებადართულია
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განმარტა, რა შეზღუდვები მოიხსნება 27 აპრილიდან და რას გულისხმობს 2 დღით დაშვებული საგამონაკლისო წესი. მისი თქმით, შესაძლებელი იქნება მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება, ასევე ტაქსების ოპერირება. გარდა ამისა, სრულად დაშვებულია ონლაინ ვაჭრობა (საბითუმო და საცალო), მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა. 

როგორც ჩიქოვანმა განმარტა, აღნიშნული შეზღუდვები მოიხსნება მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა იმ მუნიციპალიტეტებისა და ადმინისტრაციული ერთეულებისა, სადაც დაწესებულია მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები.

"როგორც ცნობილია, მთავრობამ საგანგებო მდგომარეობით დაწესებული აკრძალვების შემსუბუქების ეტაპებად გაწერილი გეგმა შეიმუშავა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა პარასკევს წარადგინა. აღნიშნული გეგმის შესაბამისად, ღონისძიებების შემსუბუქებისა და ეკონომიკის გახსნის პირველი ეტაპი ხვალიდან, 27 აპრილიდან ამოქმედდება. ამასთან, ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი ეხება იმ კომპანიებს, დაწესებულებებს და ობიექტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ წესებს", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე, შესაძლოა, მოხსნილი შეზღუდვები ხელახლა დაწესდეს, ხოლო ყოველი შემდგომი ეტაპის ამოქმედების ვადა გადაიხედოს.
Print