ახალი ამბები
შესაძლოა კორონავირუსი რუხის კლინიკაში მოთავსებულ კიდევ ერთ ქალს დაუდასტურდეს 
Covid-19 შესაძლოა რუხის კლინიკაში მოთავსებულ კიდევ ერთ პაციენტს დაუდასტურდეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლოზ ქურციკიძემ უთხრა. მისი თქმით, შუახნის ქალი სამედიცინო დაწესებულებაში ანაკლია-განმუხურის საკარანტინე ზონიდან გადაიყვანეს. 

"ამ მომენტისთვის მკურნალობს 6 პაციენტი, მუდმივ რეჟიმში ხდება მათი ტესტირება, დაკვირვება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება. კიდევ ერთი ქალბატონი იქნა გადმოყვანილი საკარანტინე ზონიდან, საშუალო ასაკის, არის სუსტად დადებითი პასუხი და მისი ანალიზი უნდა განმეორდეს", - თქვა ქურციკიძემ. 

მისი განმარტებით, ისევე, როგორც დღეს უკვე დადასტურებული შემთხვევა, აღნიშნულ პაციენტსაც თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, სადაც ის რამდენიმე კვირის წინ იმყოფებოდა. 

რაც შეეხება ქალს, რომელსაც ახალი კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა, მედიკოსების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
Print