ახალი ამბები
აფხაზეთის "ჯანდაცვის სამინისტრო" - გუდაუთის საავადმყოფოს პაციენტის ფეისბუკ პოსტი არასანდოა
მოსახლეობის კორონავირუსისგან დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის განცხადებით 17 მაისს სოციალურ ქსელის აფხაზურ სეგმენტში გავრცელებული ინფორმაცია, თავისი შინაარსით, არასანდოა. საქმე ეხება პოსტს, რომელიც გუდაუთის საავამდყოფოში მოთავსებულმა პაციენტმა ალექსანდრ ცვეიბამ გამოაქვეყნა. ის ეჭვქვეშ აყენებს ექიმების მიერ მისთვის დასმულ დიაგნოზს - კოვიდ - 19 და ასევე მკურნალობას, რომელიც მას და მისი 11 წლის დას ჩაუტარდა, წერს გამოცემა "აიაირა".

ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს კორონავირუსი 13 მაისს დაუდგინდა და მას შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა, რამდენიმე დღეში მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა. პაციენტის უმცროსი და მასთან ერთად შეიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში, რადგან ის კონტაქტში იმყოფებოდა ინფიცირებულთან. მოზარდს, რომელსაც მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა, პნევმონია დაუდგინდა. მედიკოსების ინფორმაციით, მას გაიდალაინით გათვალისწინებული მკურნალობა უტარდებოდა. ისინი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

შტაბის ინფორმაციით, პაციენტის საქციელის გამო, მედიკოსებს, შესაძლოა, მის დიაგნოზთან დაკავშირებული მონაცემების გამოქვეყნება მოუხდეთ, პერსონალური ინფორმაციის მითითებით.

ასევე, "ჯანდაცვის სამინისტროს" წარმომადგენლები მოქალაქეებს შეახსენებენ, რომ "ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული".

ამ დრომდე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონოვირუსით ინფიცირების 20 შემთხვევაა დაფიქსირებული. ოპერატიული შტაბის მონაცემებით, ინფიცირებულთა ნაწილი რუსეთიდან დაბრუნებული სტუდენტები არიან, ერთი პაციენტი კი - აფხაზეთში დისლოცირებული მე - 7 რუსული ბაზის სამხედრო მოსამსახურე, მანამდე კოვიდ – 19 გუდაუთის სოფელ ბამბორას ორ მცხოვრებს დაუდასტურდა, რომელიც მოსკოვიდან დაბრუნდა, ასევე, სოხუმში სოჭიდან დაბრუნებული ერთი ოჯახის სამ წევრს.

აპრილში ინფექცია გაგრის 3 მცხოვრებს დაუდგინდა, ორი მათგანი, გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობის შემდეგ, გამოჯანმრთელდა, ერთი პაციენტი კი, 1925 წელს დაბადებული ქალი, გარდაიცვალა.




Print